ჩვენ არ გვინახავს დონალდ ტრამპის მილოცვის დედანი, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, პარტია „ახლის“ წარმომადგენელმა, ნიკა ფარულავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ურთიერთობების აღდგენა და დათბობა ზოგადად როგორ ხდება სახელმწიფოებს შორის? პირველ რიგში, იხსნება ის ბარიერები, რომლებიც წარმოიშვა რაღაც ეტაპზე გარკვეულ ხელისუფლებებს შორის, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ რეჟიმსა და უკვე ტრამპის ადმინისტრაციას შორის, რისი იმედიც ჰქონდათ. ჩვენ გვახსოვს, 20 იანვარი მოვა და ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ყველაფერი შეიცვლებაო. სინამდვილეში კი რა ვიხილეთ? ჩემი აზრით, თქვენს კითხვას პასუხი გასცა ბიძინა ივანიშვილის წერილმა, რომელმაც დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს ზუსტად ისეთი და, შეიძლება, კიდევ უფრო ხისტი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ რეჟიმთან დაკავშირებით, ვიდრე ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას. იმიტომ, რომ სანქცირების პოლიტიკა რატომ არ შეაჩერეს, აგერ ვხედავთ, „მეგობარი აქტი“ როგორ მიდის, წინდაწინ მიიწევს და ამას „რესპუბლიკელები“ უდგანან მათ შორის სათავეში და ლიდერობენ ამ პროცესში“, – განაცხადა ნიკა ფარულავამ, როთაც უპასუხა კითხვას, შექმნა თუ არა პრეზიდენტ ტრამპის მისალოცმა ტექსტმა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების და აღდგენის საფუძველი და შესაძლებლობა?
მისი თქმით, პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის საელჩომ არ თარგმნა და ოფიციალურად არ გაავრცელა თავისი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის მოწოდება-მილოცვა-განცხადება თუ ა.შ.
„ყველა წინარე შემთხვევებში, იქნებოდა ეს სახელმწიფო მდივნის განცხადება თუ იქნებოდა, მინიმუმ, ინტერვიუც კი, მოსმენა კონგრესში თუ სენატში, აბსოლუტურად ყველგან, ყველაფერს, ამერიკის საელჩო, ანუ ადგილობრივი წარმომადგენლობა არასდროს არ ტოვებდა ყურადღების მიღმა; ყოველთვის ადასტურებდა იმას, რომ ეს განცხადება გაკეთდა და ამის ერთგვარ დედანს ჩვენ ყოველთვის ვხედავდით“, – განაცხადა ნიკა ფარულავამ.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს ბიძინა ივანიშვილის წერილი შეახსენა, რომელშიც მითითებულია, რომ მან შესთავაზა ელჩს პრემიერთან შეხვედრა და განმარტა ის მიზეზები, რის გამოც მიზანშეწონილად არ ჩათვალა სანქციების ფონზე თავად შეხვედროდა, რაზეც ნიკა ფარულავამ განაცხადა, რომ ეს იმის ნიშანია, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერმა, აშშ-მა, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვისი ადმინისტრაციაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი, ზუსტად იცის, ვინ არის ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების რეალური მიმღები და ეს არის სინამდვილეში არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება.
„ანუ, ესეც პასუხია თქვენ კითხვაზე, იქნება თუ არა დათბობა. დათბობა რომ ყოფილიყო და ამის მინიმალური შანსი რომ მაინც არსებობდეს ამ რეჟიმთან, აშშ-ის საელჩოს წერილი არ დაიწყებოდა, როგორც ურთიერთობა „ქართული ოცნების“ პარტიასთან და არ დასრულდებოდა იმ აბზაცით, სადაც ეწერა, ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, დაუბრუნდებიან მეგობრობისა და თანამშრომლობის ფორმატსო; ამ წერილში შუაში არ იქნებოდა ის ჩანართი, ანუ ძირითადი აზრი, სადაც იქნებოდა ნათქვამი კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა შეასრულოს „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პარტიამ“, – განაცხადა ნიკა ფარულავამ.