არა, ეს არ არის ჩარევა, ეს არის რეკომენდაცია, რადგან ევროკავშირი არის საქართველოს მეგობარი, – ასე უპასუხა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ პირველი არხის გადაცემის „დისკუსია აქტუალურ თემაზე – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, როდესაც ევროპელი მაღალჩინოსნები თუ პოლიტიკური აქტორები ითხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლების, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების მხრიდან კონკრეტული საკანონმდებლო რეგულაციების თუ კანონების გაუქმებას?
„მითხარით ევროკავშირს რომელიმე წევრი ქვეყანა 27 ქვეყნიდან, რომელიც არ სცემს პატივს საქართველოს სუვერენიტეტს ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას. არცერთი, ხომ? თითოეული ქვეყანა, და მთლიანობაში ევროკავშირი, პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. მეტსაც გეტყვით, მას შემდეგ, რაც საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ევროკავშირმა გამოყო დაახლოებით ოთხი მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება საქართველოსთვის”, – განაცხადა ჩიტაძემ.
შეკითხვაზე, არის თუ არა ჩარევა ის ფაქტი, როდესაც უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები, საგარეო საქმეთა მინისტრები საპროტესტო აქციაზე გამოჩნდებიან და მოსახლეობას მოუწოდებენ, ხმა ოპოზიციას მისცენ, ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ ეს არ არის ჩარევა, როდესაც აღშფოთებას გამოხატავს ევროკავშირი იმის მიმართ, რომ 300-ზე მეტი ადამიანი საქართველოში არის ფიზიკურად დასახიჩრებული და როდესაც საქართველოს ჰყავს პოლიტიკური და სინდისის პატიმრები.
„როდესაც, მაგალითად, ადამიანი წაქცეულია, ვიღაც წიხლს ჩასცხებს სახეში და ამაზე, ვთქვათ, არავინ არანაირად არ აგებს პასუხს, თუ ვიღაც აღშფოთებას გამოხატავს, ესე იგი, ეს რას ნიშნავს, რომ გამოხატავს აღშფოთებას, ხომ? ციხეში რომ სხედან უდანაშაულო ადამიანები და, აი, პირადად მე გამოვხატავ შეშფოთებას, ეს ნიშნავს, რომ, ესე იგი, მე ხელისუფლების დამხობა მინდა და მე მინდა რაღაც გადატრიალება? მე, უბრალოდ, გამოვხატავ აღშფოთებას, ვთქვათ, ევროპელ კოლეგებთან, ამერიკელ კოლეგებთან ერთად იმ პროცესების მიმართ, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს, როდესაც ადამიანებს აჯარიმებენ და აპატიმრებენ ტროტუარზე დგომის გამო“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
შეკითხვაზე, რა სურს ევროპას, თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ნებისმიერი ქვეყანა და ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენელი მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ ევროპას სურს საქართველოში დემოკრატიის ინსტიტუტების განვითარება.
„ევროპამ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით გამოყო ოთხ მილიარდ ევროზე მეტი. მეტსაც გეტყვით, მას შემდეგ, რაც 2008 წელს საქართველომ განიცადა აგრესია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის ევროკავშირმა, საქართველოს დასახმარებლად გამოყვეს დაახლოებით 4,5 მილიარდი ევრო“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
მისივე თქმით, საქართველომ თავად მიმართა ევროპას, რომ სურდა ევროკავშირში გაწევრიანება და ევროკავშირმა წარმოადგინა თავისი წინადადებები.
„ევროკავშირმა წარმოადგინა თავისი წინადადებები – თუ გნებავთ, გაწევრიანდეთ ევროკავშირში, საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყანა და საქართველო სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის სტანდარტებს“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.







