დღევანდელ ეტაპზე ოპოზიციური სპექტრის სისუსტე გახლავთ ის, რომ მათ ვერ შეძლეს ძალების კონსოლიდაცია, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი შეხვედრა შედგა, მათ შორის, ერთობლივი შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, ნიკა ჩიტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მეორე მხრივ, სიძლიერე მაინც არის ის, რომ ამ პარტიებს გააჩნიათ საერთო ღირებულებები. ეს ღირებულებებია საქართველოს მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართულებით“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აპირებს, გააუქმოს ოპოზიციური პარტიები, შესაძლებელია, აღნიშნულმა ხელი შეუწყოს კონსოლიდაციას ოპოზიციურ პარტიებს შორის.
შეკითხვაზე, მას აქვს ასეთი მოლოდინი, რომ ოპოზიციური პარტიების გაუქმება მოხდება, ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
„იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება დღეს აკონტროლებს სასამართლო ხელისუფლებას, პროკურატურას, პოლიციას, რა თქმა უნდა, ადვილი შესაძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანოს ხელისუფლებისათვის მისაღები გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
შეკითხვაზე, ისიც ასე ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ოპოზიციურ სპექტრში გაფანტული, ნიკა ჩიტაძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიაა.
"გახარიას პარტიას ცალკე აქვს აღებული ორიენტაცია. ის თითქოს ამ შემთხვევაში ემიჯნება „ქართულ ოცნებას“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებსაც ხელისუფლება და ხელისუფლების მხარდამჭერები უწოდებენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას', – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.