არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ალბათ კობახიძის ევროპელ ლიდერებთან ხანმოკლე შეხვედრისას საუბარი იქნებოდა იმაზე, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ევროპულ პერსპექტივებს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„რაც შეეხება კობახიძის ვიზიტს და რიგ შეხვედრებს ალბანეთის დედაქალაქში, დღეს ბატონმა კობახიძემ განაცხადა, ჩვენ ვერ გავახმაურებთ, თუ რა თემებზე მიმდინარეობდა საუბარიო, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ალბათ ევროპელ ლიდერებთან, ვისთანაც შედგა შეხვედრა, იქ ხანმოკლე შეხვედრა იყო ემანუელ მაკრონთან, მაგალითად, და სხვებთან, საუბრის თემა იქნებოდა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ევროპულ პერსპექტივებს“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
წამყვანმა სტუმარს ირაკლი კობახიძის განცხადება შეახსენა, სადაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამოსვლისას ყურადღება დაუთმო იმ უსამართლობას, რომელიც საქართველოს მიმართ არის, რომელიც უნდა შეიცვალოს და მაკრონსა და მეცოლასთან საუბარი ჰქონდა იმ თემებზე, რაც საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, რაზეც ჩიტაძემ აღნიშნა, რომ კობახიძეს არ დაუკონკრეტებია და მან თქვა, რომ ვერ ისაუბრებს ყველაფერზე, რაზეც იყო ამ შემთხვევაში საუბარი.
„მან განაცხადა ამის შესახებ, რადგან, გარკვეულწილად, გადატანითი მნიშვნელობით, დახურულ კარს მიღმა იყო გარკვეული საუბრები ამ შემთხვევაში“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
შეკითხვაზე, დადგა თუ არა იმის დრო, რომ საქართველოსა და ევროპელ ლიდერებს შორის გაიმართოს მოლაპარაკებები, მით უფრო, ირაკლი კობახიძე ასევე ამბობს: „ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარი საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა, რომ ხშირად ინიციატივები სწორედ ევროპელი ლიდერებისგან მოდიოდა“ და ამასთან, საზოგადოებამ ნახა კადრები, სადაც ევროპელი ლიდერების მიდიოდნენ და თავად ესალმებოდნენ კობახიძეს, რაზეც ჩიტაძემ თქვა, რომ აქედან გამომდინარე, შესაბამისად, ესალმებოდნენ კიდეც, მაგრამ არის კონკრეტული გარკვეული მოთხოვნები საქართველოს დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ, რომ მან გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.
„კი ბატონო, ვთქვათ, აქედან გამომდინარე, შესაბამისად, ესალმებოდნენ კიდეც, მაგრამ არის კონკრეტული გარკვეული მოთხოვნები საქართველოს დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ, რომ მან გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უკავშირდება იმავე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მათ შორის არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ კვლავ დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, შეწყდეს ადამიანთა უკანონო დევნა, იგივე დაჯარიმება, როდესაც ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ რუსთაველზე დგომის გამო 5 000 ლარით ჯარიმდებიან, როცა საქართველოში საშუალო ხელფასი დაახლოებით 1 500 ლარი გახლავთ. ანუ, ამ შემთხვევაში საუბარი შეიძლება, კი, მიმდინარეობდეს, როგორც ასეთი, მაგრამ რა თემებზე?“ – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
შეკითხვაზე, რამდენად არსებობს უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე და როგორ აისახება ომის დასრულება საქართველოზე, ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესში შედის უკრაინის გამარჯვება, თუნდაც საერთაშორისო სამართლის მიმართულებით და თუნდაც მორალური პრინციპების გათვალისწინებით, უკრაინა არის მართალი, ის არის მსხვერპლი და რუსეთი არის აგრესორი.
„ჩვენს ინტერესებში ამ შემთხვევაში, ვთქვათ, შედის, რომ რუსეთი აუცილებლად დასუსტდეს და თუ რუსეთი დასუსტდება, თუნდაც ეკონომიკურად, მათ შორის, საქართველოში ის ვეღარ გაბედავს თუნდაც ხალხის გატაცებას და საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის შემდგომ ანექსიას, როგორც ასეთს“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.