იქიდან გამომდინარე, რა პოლიტიკასაც ახორციელებს ტრამპის ადმინისტრაცია ან აპირებს, განახორციელოს, ბუნებრივია, მთლიანად ევროპა და, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი – და ძალიან საინტერესოა იმავე თურქეთის როლი – დადგნენ ახალი დილემის წინაშე, რომ როგორმე უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შეიქმნას, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, ნიკა ჩიტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სწორედ ამიტომ, შესაძლებელია, გამოყოფილი იქნეს დაახლოებით 800 მილიარდი ევრო და გარდა ამისა, გაძლიერდეს და შეიქმნას ნამდვილად ერთიანი ევროპული არმია“, – განაცხადა ჩიტაძემ.

შეკითხვაზე, რისთვის ემზადება ევროპა, ეს არის თავდაცვის ახალი არქიტექტურა, რომლის აუცილებლობასაც ევროპა დღეს ხედავს თუ ეს არის, ამავდროულად, უკრაინაში ომის გაგრძელება, ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ აქ საუბარია რუსეთის, როგორც აგრესორის შეკავებაზე, ეს არის ომის გაგრძელება თავდაცვის მიზნით და არა თავდასხმის მიზნით.

„ფაქტია, ევროპის მიერ წარმოებული უკრაინის მხარდაჭერა და თვითონ უკრაინის ომი არის სამართლიანი. რუსეთის ფედერაციის მიერ, როგორც აგრესორი ქვეყნის მიერ წარმოებული ომი, რა თქმა უნდა, გახლავთ უსამართლო. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ევროპამ რომ არ გამოუყოს შეიარაღება უკრაინას, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, პირიქით, უფრო უარესი მიიღოს ევროპამაც და მთლიანად მსოფლიომაც, რაც მიიღო ევროპამ და მთლიანად მსოფლიომ 1938 წელს მიუნხენის გარიგების შედეგად, როცა ნაცისტური გერმანიის შეკავება ვერ მოხდა და, საერთო ჯამში, 62 მილიონი ადამიანი დაიღუპა. კი ბატონო, საბოლოო ჯამში, ზეაქტიური სახელმწიფოები დამარცხდნენ, მაგრამ შემდგომში გერმანული ოკუპაცია შეიცვალა საბჭოთა ოკუპაციით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

მისი თქმით, რეალობა არის ასეთი და ყველას გვსურს მშვიდობა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, დააშოშმინო აგრესორი ისევე, როგორც ადამიანურ ურთიერთობაში.

„სხვათა შორის, არისტოტელეს აქვს კარგად ნათქვამი: თუ გინდა, გაუღვივო ნაძირალას სინდისი, მას სილა უნდა გააწნა“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

 შეკითხვაზე, რამდენად არის დღეს იმის რესურსი, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და მართლაც მოხდეს გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება, რაც ნიშნავს ერთგვარ კომპრომისებსაც როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მხრიდან, ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, რომ ის ომის დასრულების პერსპექტივას ვერ ხედავს.

„მე, პრინციპში, ვერ ვხედავ ომის დასრულების პერსპექტივას, დღევანდელ დღეს ეს შეუძლებელია, ვინაიდან რუსეთი არ დათანხმდება, რომ გაიყვანოს ჯარები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებიდან, მით უმეტეს, ყირიმის ნახევარკუნძულიდან. მეორე მხრივ კი, რა თქმა უნდა, უკრაინა არ დათანხმდება, მაგალითად, ომის დასრულებას ისე, რომ არ იქნეს ამ შემთხვევაში აღიარებული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინა ითხოვს კონტროლის აღდგენას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, ფაქტია, თვითონ ტრამპი ვერ ასრულებს ომს და ახლა რაღაცნაირად სურს, ეს გადააბრალოს ზელენსკის.

„თუნდაც, ოვალურ კაბინეტში რაც მოხდა, ხომ? თითქოს ისე წარმოჩინდა, რომ ტრამპს და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს უნდოდა წარმოჩენა, რომ ზელენსკის არ სურს, თორემ ჩვენ გვსურსო. ახლა რუსეთზეც საუბრობს, სანქციებს დავუწესებო, რადგან რუსეთსაც არ სურს თითქოს ომის დასრულება“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.