ტრამპს არ გააჩნია რაღაც რეალისტური გეგმა, ის საუბრობს ზოგადად, რომ სურს, მოხდეს სამშვიდობო თუ საზავო შეთანხმების გაფორმება, მაგრამ კონკრეტულად რაზეა საუბარი და რას სთავაზობს აშშ ან რუსეთს, ან უკრაინას, ან საერთაშორისო საზოგადოებას მთლიანად? – განაცხადა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, უკრაინა არ წავა დათმობაზე და არცერთ საკუთარ ტერიტორიას არ დათმობს. რა თქმა უნდა, უკრაინა არ დათმობს არც ყირიმს, არც დონეცკის ე.წ. რესპუბლიკას და არც ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკას, მეორე მხრივ კი. რუსეთი, რომლის ეკონომიკა მთლიანად სამხედრო ყაიდაზეა გადასული და მისი ბიუჯეტის მეოთხედი სწორედ აგრესიული სამხედრო მიზნებისთვის გამოიყოფა, არ დათანხმდება იმას, რომ გაიყვანოს ჯარები ლუგანსკის ან დონეცკის ოლქებიდან და, მით უმეტეს, ყირიმიდან. დღეს ასეთი ვითარებაა და ტრამპი ან რეალურად ვერ აღიქვამს ვითარებას, ან თამაშობს და სურს, აიმაღლოს საკუთარი საერთაშორისო პრესტიჟი, რომ ის გვევლინება ამ შემთხვევაში რაღაც სამშვიდობო ინიციატივის ავტორად“, – განაცხადა ჩიტაძემ.

როგორც ჩიტაძემ აღნიშნა, ტრამპი აშანტაჟებს კანადას, მექსიკასა და პანამას, ითხოვს მაქსიმუმს, რომ მიიღოს მინიმუმი და იგივე უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს, მაგრამ, საერთო ჯამში, მისი აზრით, პუტინთან მოლაპარაკება არის შეცდომა, რადგან ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ის აგრესორს აღიარებს მოლაპარაკების მხარედ.