საქართველოში მცხოვრები ნიგერიელი ბიზნესმენი, რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ თბილისის მერობისთვის იბრძვის. 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშ მონაწილეობის მიზნით, მისი კანდიდატურა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სუბიექტმა "ჩვენი გაერთიანებული საქართველო" წარუდგინა.
ცნობილია, რომ საქართველოში მცხოვრები ნიგერიელი ბიზნესმენი, რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ თეოლოგია, დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ფლობს რამდენიმე ენას და ცდილობს, ქართველები და აფრიკელები ერთმანეთს გააცნოს. კარგად ფლობს ქართულ ენას, ჰყავს ქართველი მეუღლე.   გთავაზობთ ამონარიდს 2015 წელს, ჟურნალში "თბილისელები" გამოქვეყნებული ინტერვიუდან: არინზე-რიჩარდ ოგბუნუჯუ: საქართველო სად იყო საერთოდ არ ვიცოდი. 1996 წელს, თურქეთში გახლდით და მეგობარმა მითხრა, აქვე არის ქვეყანა, რომელიც ძალიან ლამაზია და კარგი ხალხი ცხოვრობსო. გადავწყვიტე, ჩემი თვალით მენახა და ჩამოვედი. სიმართლე გითხრათ, თავიდან, ვერ მოვიხიბლე და არ მომეწონა. შემოდგომის ბოლო ოყო და ხეებზე ერთი ფოთოლოც კი არ იყო შემორჩენილი. მე კი, აფრიკაში, ისეთი ბუნება მაქვს ნანახი, ვიფიქრე, ეს სად მოვხვდი, ამას აქებდნენ-მეთქი? (იცინის) აი, ხალხი რომ გავიცანი და გაზაფხულდა, ძალიან მომეწონა საქართველო და ვთქვი, აქ ვიცხოვრებ-მეთქი. მაშინ, ენაც არ მესმოდა, ახლა კი ქართულად კარგად ვლაპარაკობ. ვხუმრობ ხოლმე, ტურისტად ჩამოვედი და 20 წელი დავრჩი, ძალიან გამიგრძელდა ტურისტული ვიზიტი მეთქი (იცინის). ჩვენს ხალხს უყვარს ვაჭრობა და ბიზნესი ბევრ ქვეყანაში აქვთ. მეც, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაქვს ბიზნესი. თუმცა, საქართველოს და ნიგერიის გარდა, ვერსად ვიცხოვრებ. სადაც მშვიდად ვგრძნობ თავს, იქ მირჩევნია ცხოვრება. ძალიან მიყვარს ქართული ღვინო და მწვადი. აფრიკაში კი ჩემი ბუნება და ჰაერი მენატრება ხშირად. – პირად საუბარში მითხარით, ქართველები და აფრიკელები ერთმანეთს ძალიან გვანან და ამიტომაც გადავწყვიტე, აქ დარჩენა და ცხოვრებაო. მაინც, რა გვაქვს საერთო? – ძალიან ბევრი რამ გვაქვს აფრიკელებს და ქართველებს საერთო. მაგალითად, მეგობრობა, სტუმართმოყვარეობა, გვერდით დგომა და ყანწი (იცინის). მოკლედ, ტრადიციებით ძალიან ვგავართ. ყანწით რომ შემომთავაზეს ღვინის დალევა საქართველოში, თავი აფრიკაში მეგონა. ჩვენთან ღვინოს მხოლოდ ცხოველის რქისგან მივირთმევთ. მეც, ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, სადაც სიყვარულს და მეგობრობას ძალიან აფასებენ. ქართველებისგანაც იგივე ვიგრძენი და ამიტომაც არის, ამდენი ხანი რომ დავრჩი. აქ ოჯახი მყავს – ცოლი, ხათუნა და სამი შვილი. ჩემი შვილები აქ სწავლობენ და ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავთ. რასაკვირველია, მოვა დრო და დავბრუნდებით ჩვენს სამშობლოში, მაგრამ ჯერ აქ ვცხოვრობთ და ბედს არ ვუჩივით. მე ნამდვილი სიყვარული საქართველოში აღმოვაჩინე, მის გვერდით ბედნიერად ვცხოვრობ. ჩემს შვილებს უვლის, ოჯახს კარგად უძღვება და ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ თავის დროზე საქართველოში დავდგი ფეხი. – ნიგერიის ერთ-ერთი კუთხის, იბოს მეფე ხართ. ხათუნა, თქვენი მეუღლე კი, დედოფლად აკურთხეს. როგორც ვიცი, მეფედ კურთხევის ცერემონია თბილისში მოხდა. ასე რატომ გადაწყვიტეთ? – მე რომ მეფე ვარ, ეს ღმერთის ნებაა. ხოლო, რაც შეეხება მეფედ კურთხევას, აფრიკიდან იყვნენ, საკმაოდ პატივსაცემი ადამიანები, იბოს კუთხიდან ჩამოსულები და მთელი ტრადიციების დაცვით ჩატარდა ცერემონია ანუ ინაუგურაცია. ნიგერიაში ბევრი კუთხეა და ყველას თავისი მეფე ჰყავს, რომელიც განაგებს და ხალხიც მას ემორჩილება. ინაუგურაციაზეც იყვნენ ამ კუთხეების მეფეები ჩამოსულები. მე ქრისტიანი ვარ და ამის გამოც არ მიჭირს ქრისტიანულ მიწაზე ცხოვრება. სხვათა შორის, თბილისში ბევრი იბოელი ცხოვრობს და მათთან კავშირი მაქვს. მოდიან, მეკითხებიან, ვეხმარები. ვინც აქ არის აფრიკიდან ჩამოსული და სწავლობს, სამშობლოში რომ დაბრუნდებიან, მათი უმეტესობა, აქ მიღებული ცოდნით, აფრიკის ლიდერი გახდება. ამას ყველგან ხმამაღლა ვამბობ, რომ საქართველო ზრდის აფრიკის მომავალ ლიდერებს და ეს ფაქტია. მე, იბოს ტრადიციების და კულტურის მთავარი დამცველი ვარ. სასაცილო იცით რა არის? რომ მეკითხებიან, რამდენი წლის ხარო, ვპასუხობ, ორის-მეთქი და იცინიან. ჰგონიათ ვერ გავიგე კითხვა და შეცდომით ვუპასუხე. არადა, მართლა ორი წლის ვარ.