ნდობის ჯგუფის სხდომაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ის ნაწილი წარადგინეს, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ სპეციალურ პროგრამებს და ამ პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხების ათვისების მაჩვენებლებს მოიცავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე და ნდობის ჯგუფის წევრები: არჩილ გორდულაძე და თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის მოხსენებებს გაეცნენ.
ნდობის ჯგუფის წევრებმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დადებითად შეაფასეს. ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალმა სახელმწიფო უწყებებმა გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები სრულად აითვისეს და ყველა უწყებას ამ მხრივ, თითქმის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს.
მისივე თქმით, გასულ წელს, რიგმა უწყებებმა დამატებითი ხარჯებისთვის, საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდა მოითხოვეს და მათ მიერ დამატებული ასიგნებების ათვისება სრულად განხორციელდა.




