ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, დღეს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. ინფორმაციას სები აქვეყნებს.
„ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა შედგა მარკ კლეიტონთან. დიდი ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მასთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. ელჩს გავაცანი სანქციების შესრულების წესში განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებული ჩვენი არგუმენტები. გამოვთქვი მზადყოფნა, რომ მომავალშიც ინტენსიურად ვითანამშრომლებთ რეგულაციების დახვეწაზე, იმისათვის რომ ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას. ბატონ კლეიტონს საერთაშორისო ვალდებულების მიმართ ჩვენი ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე. აღვნიშნე, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - აცხადებს ნათია თურნავა.
19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.