საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეჩერებული პროგრამის განახლებისთვის, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე დამატებითი განმარტებები დასჭირდება. მისივე თქმით, გაზაფხულზე შეჩერებული პროგრამის აღდგენის პროცესი წარმატებით დასრულდება.
„ალბათ დამატებითი კომუნიკაცია და განმარტება დაგვჭირდება სავალუტო ფონდისთვის, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ახალი რეგულაცია მიმართულია იქითკენ, რომ საერთაშორისო სანქციები უკეთ შესრულდეს და ასევე, იმდაგვარად აღვასრულებთ ამას, რომ საფინანსო სექტორის დამატებითი რისკები არ შეექმნას, დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამის აღდგენის პროცესი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, წარმატებით მივა თავის შედეგიან დასასრულამდე“, - განაცხადა თურნავამ.
ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაუგებრობის მოგვარებას ელის. პროგრამა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეჩერდა, ოპოზიციისთვის მორიგი აჟიოტაჟისა საბაბია. საუბარია სამწლიან მხარდამჭერ შეთანხმებაზე, რაც სესხის სახით გაცემულ 289 მილიონ დოლარს მოიცავს.