პარტია „საქართველოსთვის“ არ იქნება იმ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, რომლებიც „ოცნებისთვის“ მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებენ , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალისტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების („დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) მიერ 24 თებერვალს დაგეგმილ საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას.
„ეს პარტია 24 თებერვალს იქნება იქ, სადაც იყო აქამდე - საქართველოს ევროპული მომავლის და ამ ქვეყნის დასავლური განვითარების, ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ეს პარტია არ იქნება იმ პარტიებთან და იმ პოლიტიკოსებთან ერთად, რომლებიც „ოცნებისთვის“ მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებენ. აგერ უკვე მერამდენე წელია და თვეა, ყველაზე კრიტიკულ შემთხვევაში, ვგულისხმობ პირველ რიგში, ბატონ ვაშაძეს, რომელთაც უკვე არაერთხელ გამოიყენეს ადამიანების გულწრფელი პროტესტი და გასულმა თვეებმა აჩვენა ეს ყველაფერი ძალიან კარგად. როცა რუსთაველის გამზირზე 100 ათასობით გულწრფელი ადამიანი იყო შეკრებილი და ქვეყნის დასავლურ განვითარებას უჭერდა მხარს, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ადამიანები იყვნენ, მეც იქ ვიყავი და რომელ აქციაზეც ხან შენობებში შეჭრის მოწოდებები გაისმოდა, ხან ტექნიკური მთავრობის შექმნის მოწოდებები. ანუ ყველა ის მოწოდება და ყველა ნაბიჯი, რაც ყველა ჯერზე ეხმარებოდა „ოცნებას“ დღეს ამ როლს ასრულებს ბატონი ვაშაძე. ყოველთვის, როდესაც „ოცნება“ და ბატონი ივანიშვილი ხედავს, რომ ცვლილების რაღაც რესურსი გაჩნდა ასევე ყოველთვის, როდესაც ჩვენ გამოვდივართ რაღაც მნიშვნელოვანი ინიციატივით, ამის „გაფუცანებას" ცდილობს „ოცნება“ ვაშაძის მეშვეობით. ვაშაძე ყოველთვის იქ არის, სადაც „ოცნებას“ სჭირდება. 12 პუნქტთან დაკავშირებითაც ბატონი ვაშაძე იქ იყო, სადაც „ოცნებას“ დასჭირდა. დაიმახსოვრეთ, გავა გარკვეული პერიოდი და 100%-ით შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ჩვენ ისევ ვნახავთ ფრუსტრაციას, როგორი ფრუსტრაციაც ზაფხულში ვნახეთ რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.