„ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნონ ძალაუფლება".
ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღების გადამწყვეტ ფაზაში, როცა სტატუსის მიღების კარგი შესაძლებლობა არსებობს, კანონის ირგვლივ დისკუსიის გახსნაც კი, ხელისუფლების მხრიდან არის ქვეყნის ინტერესების ღალატი.
„მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს დისკუსია და კონსტიტუციის დარღვევა. ე.წ. აგენტების კანონის ინიცირება მაშინ, როდესაც ევროკომისიამ კანონმდებლობა დადებითად შეგვიფასა და საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, არის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი.
მსგავს კანონზე ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა უკვე არაერთხელ თქვეს, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევს „ოცნება“ ამ კანონს და რამდენ ვერსიას დააინიცირებს. „გამჭვირვალობა“ გამოგონილი მიზეზია. გამჭვირვალობის ვალდებულება ისედაც არსებობს. სინამდვილეში, კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება 12 პუნქტის მე-7 და მე-10 პუნქტებს; ველს უსუფთავებს ხელისუფლებას, რომ არჩევნები რეალური და სამართლიანი სადამკვირვებლო მისიის გარეშე ჩაატაროს; აგენტის იარლიყს აკრავს ყველას, ვისი საქმიანობაც „ოცნების“ უკანონო ძალაუფლებისთვის საფრთხის შემცველია. კანონზე დისკუსიის გახსნის მიზანია ყურადღების გადატანა 12 პუნქტიდან, რომელიც ჯერ კიდევ შეუსრულებელია.
კანონპროექტის ინიციატორ და ხმის მიმცემ თითოეულ დეპუტატს შევახსენებთ იმ მძიმე და გარდაუვალ პასუხისმგებლობას, რაც ქვეყნის ინტერესების ღალატს მოსდევს, პასუხისმგებლობას, რომელიც პერსონალიზებული იქნება და ვერავინ გაექცევა, ვერც დამკვეთი და ვერც შემსრულებელი. ჩვენი მხრივ, ვაგრძელებთ ბრძოლას კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლებისგან კანდიდატის სტატუსის საბოტაჟის პირობებში, მით უფრო იზრდება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.