„ოცნების“ მხრიდან არჩევნების შედეგების შეცვლის მორიგ მცდელობას, რასაც, სამწუხაროდ, ხელს უწყობს ცენტრალური საარჩევნო კომისია და რაც მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს _ - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„გვსურს გამოვეხმაუროთ „ოცნების“ მხრიდან არჩევნების შედეგების შეცვლის მორიგ მცდელობას, რასაც, სამწუხაროდ, ხელს უწყობს ცენტრალური საარჩევნო კომისია და რაც მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. კერძოდ: ცესკომ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით და ნაცვლად იმისა, სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს ახალი არჩევნების დანიშვნაზე ემსჯელა, შუალედური არჩევნები მხოლოდ იმ სამაჟორიტარო ოლქში დანიშნა, სადაც „ოცნებამ“ ოპოზიციის წევრს, კრიმინალური სამყაროს ჩართულობით, მანდატი დაატოვებინა. აღნიშნული უკანონობა ხორციელდება იმ ფონზე, როცა სულ ახლახან გამოქვეყნდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესრულების უმძიმესი ანგარიში, რომლის მიხედვითაც ქვეყანამ 2021 წელს, ანუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დემოკრატიის, სახელმწიფოს მართვის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, მიმართულებით უპრეცედენტო უკუსვლა განიცადა. აღნიშნული უკანონობა ხორციელდება იმ ფონზე, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად სულ რაღაც 5 თვეში ამბიციური დემოკრატიული რეფორმები აქვს განსახორციელებელი, მათ შორის ცესკო-ს დამოუკიდებლობისა და საარჩევნო სისტემის რეფორმის მიმართულებით. პარალელურად „ოცნება“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აგრძელებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მოსყიდვას, დაშინებას და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა ჩართულობით მათზე ზეწოლას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მიუხედავად „ოცნების“ მხრიდან არჩევნების შედეგების გადაწერის და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟისა, პარტია "საქართველოსთვის" აგრძელებს პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში აქტიურ მონაწილეობას. „ოცნების“ მხრიდან არჩევნების შედეგების გადაწერის, ქვეყნის მაფიოზურად მართვის და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟის მიუხედავად, ჩვენთვის განმსაზღვრელი ის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რაც ხალხმა დაგვაკისრა - შესაბამისად, ვაგრძელებთ პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში აქტიურ მონაწილეობას და პარტიის დეტალური ხედვის წარდგენას ევროკავშირის 12 პუნქტის რეალურ შესრულებაზე. დღეს წარმოვადგენთ ხედვას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზე, რაც პარტიის გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება.