საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში ვიზიტი შეაჯამა და თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის მნიშნველობაზე ისაუბრა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით დიდი ინტერესი არსებობს შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით, რომლის საკვნაძო ქვეყნები არიან თურქეთი და საქართველო. მისი თქმით, ერდოღანთან შეხვედრაზე საუბარი ანაკლიის პორტსაც შეეხო.

„გვქონდა საუბარი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, გამოითქვა სურვილი, რომ თურქეთი ჩაერთვება პროცესში. ბაქო- თბილისი-ყარსის რკინიგზამ განახლების შემდეგ, 2 ივნისს დაიწყო ფუნქციონირება, საკმაოდ მასშტაბურად იზრდება ტვირთბრუნვა. ეს პროცესები ორივე ქვეყნის ინტერესებს აკმაყოფილებს. პოლიტიკური თვალსაზრისით კი ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობიანი პოლიტიკის თანხვედრა. ისეთი ძლიერი ქვეყანა, როგორც თურქეთია, პოზიციონირებს, როგორც მშვიდობის პოლიტიკის მწარმოებელი. გაერო-ს კლიმატის კონფერენციაზე ერდოღანის სიტყვაში ეს კარგად ჩანდა. მასთან შეხვედრაზეც ხაზი გავუსვი, რომ ჩვენ გვყავს ასეთი კარგი მეზობელი, რომელსაც ისევე როგორც ჩვენ, ისეთი დამოკიდებულება აქვს არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. დღეს მსოფლიოში მოშლილია საერთაშორისო სამართალი, დიპლომატიური კუთხით ურთიერთობები, მრავალპოლარული გახდა მსოფლიო და სიმძიმის ცენტრები უკვე აღარ არსებობს. სწორედ ამ დროს არის აუცილებელი ისეთი პოლიტიკის წარმოება, რომელსაც ბატონი ერდოღანი და თურქეთი ატარებს. ეს არის სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე, ღირებულებებზე დააფუძნებული პოლიტიკა, რაც საერთო გვაქვს და, რასაც ვუფრთხილდებით, პატივს ვცემთ. სწორედ ამის გამოძახილია ჩვენი ურთიერთობების დინამიურად განვითარება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 11 ნოემბერს ანტალიაში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 31-ე (COP31) კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, დღეს კი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.