რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჩემს უფროს მეგობარს ვუწოდებ, ჩვენ ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რაც განპირობებულია ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეული დამოკიდებულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ანტალიაში, სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს სხვადასხვა მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ.
„თურქეთის პრეზიდენტს, ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჩემს უფროს მეგობარს ვუწოდებ. ჩვენ ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რაც განპირობებულია ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეული დამოკიდებულებით. გვაქვს ღირებულებითი და პოლიტიკური თანხვედრა - ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს, სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული პოლიტიკა. დღევანდელი საერთაშორისო ვითარების ფონზე აუცილებელია, ამგვარი ურთიერთობებით კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი პარტნიორობა, დავიცვათ საერთო ღირებულებები და მშვიდობა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.








