ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის, დემოკრატიის, უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობა,  რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, გამჭვირვალე იყოს. მითუმეტეს, თუ ის უცხო ქვეყნიდან ფინანსდება, მასზე სრულყოფილი ინფორმაცია უნდა არსებობდეს, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, კანონპროექტის განხილვა ღია პროცესია და მასში ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

 „ამგვარი ერთობლივი შეტევა „ხალხის ძალაზე“ , ჩვენი დამუნათება და  ჩრდილოეთ მეზობელთან დაკავშირება, ღიმილის მომგვრელია და ეჭვებსაც იწვევს. ეს ადამიანები, რომლებიც გვაკრიტიკებენ,  ამგვარ სპეკულაციებს არამხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით, არამედ სხვა თემებთან დაკავშირებითაც მიმართავენ. ისინი ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობას არალეგიტიმურად აცხადებენ, რუსეთს უკავშირებენ და ა.შ. მათ, რა თქმა უნდა, სპეკულაციებში ვერ ავყვებით. ჩვენ სწორება გვაქვს საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოს საზოგადოებაზე, რომელმაც ჩვენი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ყველაზე კარგად გაიგო. კანონპროექტის განხილვა ყველანაირად ღია პროცესია, მობრძანდნენ კომიტეტებზე და მიიღონ მონაწილეობა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, კანონპროექტი გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი აღქმებით შეაფასა, რაც არასერიოზულია.

„ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები  სპეკულირებენ იმით, რომ თითქოს ვინმეს რამეს შევუზღუდავთ - ეს დიდი სიცრუეა. მსგავსი არაფერი წერია. ამ კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ პროცესები გამჭვირვალე იყოს. ასევე, თავიანთი აღქმებით აწუხებთ სიტყვა „აგენტი“ -  ამ სიტყვის მნიშვნელობას ვერ შევცვლით.

თავად უწევენ თავს დისკრედიტაციას და ამ ტერმინს ჯაშუშად აღიქვამენ. ჩვენ ეს არ გვიფიქრია. თუ ეს საკითხი იქნება განხილული, შეუძლიათ სხვადასხვა ტერმინი შემოგვთავაზონ. ჩვენ გვინდა დემოკრატიულ, სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია. მათ არავინ არაფერს უზღუდავს, მაგრამ გარკვეული ნაწილი გასცდა  უფლებამოსილებას - პოლიტიკური ცვლილებები და ტექნიკური მთავრობა მოითხოვა. ეჭვის შეტანაც არ შეიძლება, როცა ასეთ ქმედებებს სჩადიან?“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.