საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
ყაველაშვილის თქმით, მათთან ძალიან თბილი, გულწრფელი კომუნიკაცია შედგა, რომელიც მოიცავდა საქმიან საუბარსაც.
„პირველ დღეს იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საზეიმო ვახშამი, სადაც ქვეყნის ლიდერებთან ერთად იყვნენ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტები წარმოდგენილი. საკმაოდ დიდი მასშტაბის ღონისძიება იყო, სადაც გვქონდა შესაძლებლობა ერთმანეთთან გასაუბრების. ამ ფორმატში სასიამოვნო იყო, რომ მომესალმა მარკო რუბიო, ჯეი დი ვენსი, პატარა, თბილი, გულწრფელი და პოზიტიური საუბარი შედგა. ძალიან თბილად მოიხსენია ჩვენი ქვეყანა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა. გაკვირვებული ვიყავი, თუ რამდენად ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, ტრადიციების მიმდევარი, პატრიარქიც კი ახსენა. შემდეგ ამას მოაყოლა, რომ ლოცვის დღე, 17 მაისი დააფუძნეს სულ ახლახან. რომ ვუთხარით, 10 წლის წინ, ზუსტად 17 მაისი პატრიარქის ინიციატივით ოჯახური სიწმინდის დღედ არის საქართველოში გამოცხადებული, ძალიან გაუხარდა და ესიამოვნა.
ასეთი გულწრფელი, თბილი ურთიერთობა იყო, შეიმჩნეოდა კიდეც, მგონი საზოგადოებამ ნახა სურათები. როცა საუბრობ ოჯახურ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, მით უმეტეს, ქრისტიანულ ღირებულებებზე, ძალიან თამამები ვართ ქართველები, რადგან ამხელა ქრისტიანული ისტორიის მქონე ერი ვართ. ისიც განვუცხადეთ, რომ 1 700 წელს აღვნიშნავთ წელს და საკმაოდ დიდი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს საქართველოში ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან სასიამოვნოდ ისმენდა. შედგა მცირე საქმიანი საუბარიც, მისი მხრიდან გაჟღერებული იყო, რომ დიახ, ისინი ფლობენ ინფორმაციას და აუცილებლად მოხდება უფრო მჭიდრო ურთიერთობების განახლება. რა თქმა უნდა, ბევრი პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში. განაცხადა, რომ ისინი ინფორმირებული არიან, კიდევ მეტ ინფორმაციას იღებენ და აუცილებლად, ამ კონტექსტში, რომ ასეთი თბილი საუბარი შედგა, ეცდებიან, განაახლონ ჩვენთან ურთიერთობა“ , – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.
მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, კიდევ ერთ შეხვედრაზე მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით.
„ეს იყო პირველი დღე და ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე მეორე დღეს, როცა უკვე მხოლოდ ქვეყნის ლიდერები ვიყავით წარმოდგენილი იტალიის პრეზიდენტის საზეიმო მიღებაზე, იტალიის პრეზიდენტის სასახლეში. იქ უფრო მეტი სივრცე და დროც იყო. მე ვიმყოფებოდი საგარეო საქმეთა მინისტრთან და ჩემს მეუღლესთან ერთად. მეორე დღეს გვქონდა შესაძლებლობა, ისევ გვქონოდა გასაუბრების საშუალება. ჯეი დი ვენსი მოგვესალმა, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ცოტა მეტ ხანს შეჩერდა ჩვენთან, საუბარი უფრო მეტად სიღრმისეული, უფრო საქმიანი გამოდგა. მან აღნიშნა – მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს – რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში. არც მინდა, ის სიტყვა გამოვიყენო, პირდაპირ შეიძლება, არ ითარგმნება ინგლისურიდან, უფრო სიმყრალესთან. აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო ის წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებით. თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალური და არაშესაბამისი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. აღნიშნა, რომ წინა ორშაბათს სწორედ ამ თემის განხილვას ჰქონდა ადგილი, მათ ძალიან კარგად გააანალიზეს ეს პროცესი, პროცესში არიან, რომ გაწმინდონ ეს ნეგატივი ჩვენს ურთიერთობებში და ისინი უახლოეს მომავალში აუცილებლად მოემზადებიან სათანადოდ, რათა ჩვენი ურთიერთობები შედგეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.










