საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე სხდომაზე გამოსულ ოპოზიციონერ დეპუტატებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღეს არაერთი უპასუხისმგებლო განცხადება გაკეთდა, რომლებიც შეიძლება დიდ საფრთხეებს წარმოქმნიდეს საქართველოსთვის. 

„არაერთი უპასუხისმგებლო, ყალბი პათეტიკით გაჯერებული განცხადება მოვისმინეთ დღეს, იმ ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ ადამიანური ტრაგედიები, რომელიც ხდება, ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ. ისინი ცდილობენ გააქილიკონ მშვიდობა, რომელიც დღეს ხელისუფლების დიდი მეცადინეობით საქართველოში სუფევს და ამბობენ, რომ ეს არის ცარიელი მშვიდობა. ცარიელია თუ სავსეა, ეს არის მშვიდობა და მშვიდობა არის ის, რაც დღეს საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭირდება და ვახერხებთ, რომ ეს იყოს შენარჩუნებული და ეს არის უზენაესი ღირებულება დღეს საქართველოსთვის.

უტიფრობაა როდესაც ხაბეიშვილისგან ისმენ, თითქოსდა ადგილი აქვს ოკუპაციის დაკანონებას, კაცისგან, რომელიც წარმოადგენს პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც მხარი დაუჭირა და დღემდე იბრძვის იმის გასამართლებლად, რა რეზოლუციასაც მხარი დაუჭირეს 2008 წელს. როდესაც პრაქტიკულად საქართველო და ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დანაშაულის ჩადენაში. მართლაც ოკუპაციის დაკანონებისკენ მცდელობა შეიძლება დაერქვას ამას, რაც მათ გააკეთეს იმ რეზოლუციის ხელმოწერით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.