თუ ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას აპირებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ იგივე მოთხოვნასთან დაკავშირებით მას დანარჩენი 9 000 პატიმრისთვის მოუწევს პასუხის გაცემა - ასე პასუხობს “ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომლის განცხადებითაც, ადამიანები, ვინც მას მიხეილ სააკაშვილს შეწყალების საკითხზე “მორალს უკითხავენ“, 2007 წლის მერე იყვნენ მიშას შტაბში, "ქართუ ბანკში" ან სხვა თანამდებობებზე.

„არ არის აუცილებელი იმის ახსნა-განმარტება, აქციაზე ია მეტრეველი თუ სხვები ვიღაცის დაძახებით მივიდნენ თუ არა და უნდა გამოხატონ თუ არა პრეტენზია, მოთხოვნა, რაც მათ აქვთ. არ მგონია, სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრები თუ სხვები ასეთ შეფასებას იმსახურებენ. პრეზიდენტმა თავად თქვა, რომ ეს არის ხალხი, ვისთან ერთადაც იბრძოდა და სამწუხაროდ, იმავე ადამიანებს უპატივცემულოდ შეხვდა. შეურაცხმყოფელია იმის თქმა, თითქოს ვიღაცის დაძახილით დადიან. ეს ხალხი ასეთ შეფასებას და განცხადებას არ იმსახურებს. ადამიანები საკუთარ მოსაზრებას გამოხატავენ, რისი უფლებაც მათ აქვთ, ისევე, როგორც განსხვავებული შეხედულებების მქონე ნებისმიერ სხვა ადამიანს.

პრობლემურად მეჩვენება, როცა პრეზიდენტი იმგვარად აღიქვამს, რომ ერთი მხარისგან ნათქვამს შეიძლება, ზეწოლად აღიქვამდეს, ხოლო მეორე მხარისგან ნათქვამს ასე არ მიიჩნევდეს. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის. უსაგნოა განცხადება იმის შესახებ, ვინ, რას აკეთებდა 2007 წელს თუ რომელიღაც სხვა წელს. პრეზიდენტს ბევრი წლის განმავლობაში უმუშავია იმ ადამიანებთან ერთად, ვისზეც ახლა კრიტიკული დამოკიდებულება აქვს. თუ მისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო რომელიმე ჩემი თანაგუნდელი 2007 წელს რა პოზიციაზეც იდგა, მას შეეძლო, ეს გაცილებით ადრე ეთქვა. ახლა ამაზე საუბრის დაწყება სხვა რაღაცაზე მიანიშნებს.

ბრძოლა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, არ გულისხმობდა იმას, რომ პრეზიდენტს რომელიმე მოსამართლის მოხსნის უფლება უნდა ჰქონოდა. თუ კრიტიკას იმის გამო ვიღებთ, რომ ხელისუფლებას მოსამართლის მოხსნის უფლება არ აქვს, ეს ჩვენი გამარჯვებაა. ძალიან კარგად იცის, რა არის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მან რამდენიმე ხნის წინ თქვა კიდეც. თუ ის ფიქრობს, სააკაშვილი შეიწყალოს, უნდა გაითვალისწინოს, რომ იგივე მოთხოვნასთან დაკავშირებით მას დანარჩენი 9 000 პატიმრისთვის მოუწევს პასუხის გაცემა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან დღეს აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. სალომე ზურაბიშვილი რეზიდენციის ეზოში ჩავიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა: „აქ რომ მოვარდით, მაინტერესებს, ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007 წელს, მიშას შტაბში ან „ქართუ ბანკში“ იყვნენ მოკალათებული“.