ეს ყველაფერი არ გამოიყურება ისე, რომ ზურაბიშვილისთვისაც მოულოდნელობა ყოფილიყო. როგორც ჩანს, ეს იყო დიდი ხნით ადრე კარგად დაგეგმილი შეფუთვის ერთ-ერთი ეტაპი. ახლა ცდილობს, რაღაც ფორმით ქართულ საზოგადოებასთან არგუმენტი ნახოს საიმისოდ, რომ ჩაიდინოს მოღალატეობრივი ნაბიჯი, რასაც ჰქვია სააკაშვილის შეწყალება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
აღნიშნულით სარჯველაძე გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, რომელმაც მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა და აღნიშნა: „მე ვაფასებ თქვენს კანონის უზენაესობას, ასევე, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეგეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.
მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, სწორედ შეუთანხმებელი პოლიტიკის წარმოებას მიჰყავხარ ისეთ შედეგებამდე, რომლებიც, სულ მცირე, ძალიან უხერხული დიპლომატიური სკანდალია.
„თქმა იმისა, რომ უბრალოდ ქვეყნის სუვერენიტეტს და სამართლის უზენაესობას პატივს სცემ, შეიძლება, საკმარისი არ იყოს, როდესაც ამას აყოლებ, გარკვეულ შეკვეთებს აძლევ პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.