როდის აქედან გახდა ხელმოწერები გადამწყვეტი ფაქტორი, ჩადენილი დანაშაულებისთვის ვინმეს პასუხისმგებლობა ააცდინო? ეს არამც და არამც, სწორი არ არის, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„მათი დამოკიდებულებაა, კი ჩაიდინა სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები, რომლისთვისაც ნებისმიერი ადამიანი საპატიმრო სასჯელით პასუხს უნდა აგებდეს, მაგრამ იმის გამო, რომ ის სააკაშვილია, უნდა ჰქონდეს ინდულგენცია, პრივილეგია, პასუხისმგებლობა აიცდინოს. ამას ღიად არ უნდა საუბრობდნენ. ამისთვის ხერხად მოსინჯეს მოწამვლის ამბავი, ევროპარლამენტში საკუთარი მეგობრების ლობისტური აქტივობის შედეგად მიღებული რეზოლუციები, ფოტოების ფრიალი, რომელიც იყო მხოლოდ და მხოლოდ ცუდად დადგმული სპექტაკლი, უკლებლივ ყველაფერი მოსინჯეს, სტრასბურგიც, რომელმაც სილა გააწნა რეალურად, დიდი ხნის სიმულაციას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის მერე, ახლა დღის წესრიგში დგას ხელმოწერები. როდის აქედან გახდა ხელმოწერები გადამწყვეტი ფაქტორი, ჩადენილი დანაშაულებისთვის ვინმეს პასუხისმგებლობა ააცდინო? ეს არამც და არამც, სწორი არ არის. საკუთარ მომხრეებში, რომელიც შეიძლება იყოს ასი, ორასი ათასი, შესაძლოა, ხელმოწერები შეკრიბონ, მაგრამ რიტორიკულად დავსვათ კითხვა, საზოგადოებამ დავუსვათ საკუთარ თავს – ის, რაც გირგვლიანს, რობაქიძეს, ვალერი გელაშვილს დაემართა, ამის საპირწონე, ამაზე უკეთესი ღირებულება აქვს თუ არა, ამ ხელმოწერების ამსახველ დოკუმენტებს? არ მგონია, რომ ეს ასეა. დიახ, დანაშაულის ჩამდენმა პირმა პასუხი უნდა აგოს, ეს იქნება სააკაშვილი, თუ ნებისმიერი სხვა“, – განაცხადა სარჯველაძემ