გამორიცხული არ არის, ზურაბიშვილი გადაწყვეტილების - „არა და არასდროს“, შესაცვლელად მიზეზებს ეძებდეს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„როგორც ჩანს, ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად – „არა და არასდროს“, სამწუხაროდ, აქვს დამოკიდებულება, რომ რაღაც ეტაპზე ამ გადაწყვეტილების შეცვლა მოუწევს. როგორც ჩანს, ასეთია მისი მდგომარეობა. ახლა გამორიცხული არ არის, სახის შენარჩუნებისთვის ამ გადაწყვეტილების შესაცვლელად მიზეზებს ეძებდეს. ღმერთმა ქნას, მეშლებოდეს, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მას შემდეგ, რაც „არა და არასდროს“ თქვა, უცხოური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ასეთი რამ არ მითქვამსო, თუმცა, საქართველოში გაუგეს, უცხოეთში ასეთი რამ თქვა და რასაკვირველია, საზოგადოებას დიდი აღშფოთება ჰქონდა. აქ იმაზეც არ დგას საკითხი, მისი პოზიცია სწორია თუ არა, უბრალოდ ფლიდი ტყუილია, როცა ამბობ, ასეთი რამ არ მითქვამსო, ასეთი რამ მან თქვა. აქედან გამომდინარე მგონი, ასეთი პოზიციების ტრანსფორმირება არც თუ მაინცდამაინც კარგი მოლოდინების მიზეზს უნდა იძლეოდეს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რასაც სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.