მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შუამდგომლობით, ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა თბილისის საქალაქოს სასამართლოს მიმართეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თქმით,  შუამდგომლობა წარუმატებლობისთვის არის განწირული.

"დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა დანიშნულიყო სააკაშვილის საქმის განმხილველ მოსამართლედ, ანონსებს მაინც გააკეთებდნენ, რადგან თავად იციან, რომ ამ საქმეს დაკმაყოფილების პერსპექტივა არ აქვს. როგორც ჩანს, დიაგნოზი არ თქმულა. კანონმდებლობით განსაზღვრული ჩამონათვალიდან ერთ-ერთი დიაგნოზი მაინც რომ ჰქონდეთ დადასტურებული, რომელიც  ადამიანის გათავისუფლების საფუძველს ქმნის, როგორ ფიქრობთ, ამას დაფარავდნენ და არ გაამჟავნებდნენ? მგონია, ამას არ გააკეთებდნენ. იციან, რომ ასეთი არ აქვთ და ეს მოთხოვნა წარუმატებლობისთვის არის განწირული.

სასამართლოსთვის მიმართვას მხოლოდ პიარული ფუნქცია აქვს. ვინც არ უნდა დანიშნულიყო მოსამართლედ და მათთვის რაც არ უნდა მისაღები ყოფილიყო, მაინც გალანძღავდნენ.

რაც შეეხება იმას, სასამართლოს გადაწყვეტილება როგორი იქნება, ამაზე მხოლოდ პროგნოზების თქმა შემიძლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ფორმით შეიძლება, ეს განიხილებოდეს, როგორც კარნახი სასამართლოსთვის. ეს თვითონ სასამართლოს გადასაწყვეტია, მაგრამ შემიძლია, გავაკეთო პროგნოზები ან მოსაზრებები გამოვთქვა, ცალკეულ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი რამდენად არსებობს ან არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, "საქმე დაეწერა მოსამართლე გიორგი არევაძეს, იცნობთ ამ მოსამართლეს, რაც შეეხება ვადებს, დაახლოებით, ავიღოთ ასე 3-4 დღიდან 15 დღის ვადაში ხდება მასალების გამოთხოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან. დაველოდოთ, დღეს მე მექნება განცხადებები კანცელარიაში, რამდენიმე მასალას ვითხოვთ და ა.შ.

კოდექსში წერია, ეგ საქმე უნდა განიხილოს იმ პირმა, იმ განაჩენის გამომტანმა სასამართლომ, რომელმაც იმსჯელა, შესაბამისად, როგორც ჩანს ამ პრინციპით მოხვდა გიორგი არევაძესთან".