„ყველა დებატებში, რომელიც ამ დღეებში გაიმართა - ოპოზიცია პირწმინდად, უშანსოდ დამარცხდა. თუმცა, უშანსოები იყვნენ მაშინ, როდესაც ცალკეულ თემაზე დისკუსიის წამოწყების მცდელობა ჰქონდათ“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე და სამთავრობო პროგრამაზე „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ იმსჯელეს.
მისი თქმით, ოპოზიციას ცალკეული თემების ირგვლივ გარკვეული ინტერპრეტაციების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ მათ მიიღეს პასუხები, რომლებმაც წერტილი დაუსვა ყოველგვარ სპეკულაციას.
მისივე თქმით, დღეს ოპოზიცია დამარცხდა, აჯობა სამთავრობო გუნდმა, ირაკლი კობახიძემ.
„ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, არ არის ეს ჩემი მიზანი და ამოცანა. ეს მე მახარებს იმიტომ, რომ სწორედ ასე უნდა მუშაობდეს დემოკრატია ქვეყნის საკეთილდღეოდ. საუკეთესო უნარების და შესაძლებლობების მქონე პოლიტიკური გუნდი უნდა იყოს ხელისუფლებაში. ასეთია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი. დღეს აქ დანახულიდან გამომდინარე, არ მგონია ეჭვი გაუჩნდეს ვინმეს იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთივე იქნება გადაწყვეტილება მომავალ არჩევნებზეც“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ და დასძინა, რომ დღევანდელი განხილვის შემდეგ მთელმა ქვეყანამ დაინახა ჭეშმარიტება, ვინ ცდილობს წყლის ამღვრევას, სარკეების გამრუდებას და ვითარების ისე წარმოჩენას, როგორც სინამდვილეში არ არის.
„სინამდვილე რაც არის ყველამ ძალიან კარგად დაინახა. მგონია, რომ ყველასთვის გასაგები გახდა, რომ ახლაც, ამ გადაწყვეტილების მიღების წინ რომ ვდგავართ, ამ გადაწყვეტილების წინაშეც ვართ აბსოლუტურად პირნათელი. აბსოლუტურად ოპტიმისტურად განწყობის საკმარისი მიზეზებით ვართ შეიარაღებული. დღეს, „ქართული ოცნება“ მისი ლიდერით, ირაკლი კობახიძის ჩათვლით, რა თქმა უნდა, არის უალტერნატივოდ ყველა უპირატესობის მქონე პოლიტიკური ძალა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში და ამას არც არავინ გახდის სადავოდ კიდევ კარგა ხნის განმავლობაში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.