თუ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იქნება, მაშინ ეს არჩევნები დემოკრატიულად არ ჩაითვლება. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოს და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„საქართველოს უსაფრთხოება და მომავალი ეს ევროკავშირი და ნატოა. ამაზე საზოგადოებაში სრული კონსენსუსია, 90%-ზე მეტი ამას უჭერს მხარს, რაც იმდენად მაღალი მხარდაჭერაა, რომ ივანიშვილის პარტიასაც არ შეუძლია შეცვალოს. ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო განსაკუთრებით, იმ მიმართულებით, რომ მან მომავალ არჩევნებზეც ისაუბრა. 9 ვალდებულებიდან ერთ-ერთი დემოკრატიული სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. ევროკავშირი ამ ვალდებულების შესრულებას ელოდება, თუმცა ყველასთვის გასაგებია, რომ ივანიშვილი და მისი პარტია ნერვიულობენ და ახლა ცდილობენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრული უზურპაცია მოახდინონ.
თუ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იქნება, მაშინ ეს არჩევნები დემოკრატიულად არ ჩაითვლება. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოს და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. მან ძალიან კარგად იცის, რომ ვეტოს, რომელიც ახლა დაადო საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, „ქართული ოცნება“ გადალახავს. მას აქვს ერთადერთი ბერკეტი - შეწყალება, რასაც ბიძინა ივანიშვილი ვერაფერს უპირისპირებს.
მიხეილ სააკაშვილმა ცალსახად განაცხადა, რომ ის „გამარჯვების კოალიციის“ მხრიდან პირადად უხელმძღვანელებს არჩევნებს, რადგან ახლა ქვეყნის მომავალი წყდება. ხალხი საქართველოს ფასების გამო, ღირსეული ხელფასის არარსებობის გამო ტოვებს“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.