იქმნება რეფორმატორთა საბჭო ჩემი და ნანუკა ჟორჟოლიანის მონაწილეობით, ის მოამზადებს რეფორმათა პაკეტს და ექვს თვეში დავამტკიცებთ. რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს, და, მით უმეტეს, ახლა, როცა ჩვენ აღმავლობის გზაზე ვართ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ დაბადებული გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე აუდიომიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალები“ არიან მებრძოლები, რომლებიც ივლიან იმდენს, რამდენსაც შეძლებენ და რამდენიც საჭიროა.
„მივესალმები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას, მოგესალმებით, ჩემო უშიშარო თანამებრძოლებო. დიდი მადლობა თქვენ, მადლობა მოძრაობის წინა ლიდერშიფს, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტპატიმრებს, ლევან ხაბეიშვილს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და მანჯგალაძეს, ჩვენს ახალგაზრდებს თავდადებისთვის, დიდი მადლობა ჩვენს ასიათასობით მომხრეს. ჩვენ სინამდვილეში ვართ ძალიან ბევრი და ისევ უნდა აღმოვაჩინოთ ერთმანეთი, ისევ ჩავკიდოთ ხელი და ისევ ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა, რომ ვიაროთ წინ. „ნაციონალები“ ვართ ის მებრძოლები, რომლებიც ივლიან იმდენს, რამდენსაც შეძლებენ და შემდეგ უკვე იმდენს, რამდენიც საჭიროა.
ჩვენ წინ გველოდება დიდი ცვლილებები. იქმნება რეფორმატორთა საბჭო ჩემი და ნანუკა ჟორჟოლიანის მონაწილეობით, ის მოამზადებს რეფორმათა პაკეტს და ექვს თვეში ჩვენ მას დავამტკიცებთ. რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს, და, მით უმეტეს, ახლა, როცა ჩვენ აღმავლობის გზაზე ვართ, უნდა გვახსოვდეს: ჩვენ ვართ დაბადებული გამარჯვებისთვის.
მეგობრებო, ჩემო მრავალგანსაცდელ გამოვლილო, სახელმწიფოს აღმშენებელო ერთგულო თანამებრძოლებო, ისევ, როგორც 2003-ში, 2008-ში, გვეძახის ჩვენი ქვეყანა, ისევ ჩვენი გადასარჩენია საქართველოს არსებობა, რეპუტაცია და მომავალი. თქვენ ხართ საოცარი გუნდი, რომელმაც თავის დროზე მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად დაამარცხა კორუფცია, კრიმინალი, უშუქობა, უიმედობა, მთელ რეგიონში შევქმენით პროგრესის ტალღა, დავწერეთ საქართველოს ისტორიის ოქროს ფურცლები. ახლა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს განსაცდელშია და ისევ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ორი უმთავრესი ქართული ღირებულება – თავისუფლება და გეზი ევროპისკენ. თავისუფალი, ევროპული საზოგადოება არის ერთადერთი გარემო, რომელშიც ქართული თვითმყოფადობა, ეროვნული ნიჭი და გონიერება გაიფურჩქნება, ყველაფერი დანარჩენი არის თავს მოსხვეული რუსული ჭაობი. მეც, უკვე ხუთი წელია, ვუძლებ ციხის მძიმე პირობებს, იზოლაციას, გავუძელი წამებას, მოწამვლას, ორმხრივ ლანძღვას და შეურაცხყოფას, იმიტომ, რომ ვგრძნობ თქვენს თანადგომას, რისთვისაც დიდი მადლობა, ასევე ხალხის სიყვარულის სწრაფად მზარდ ტალღას, რომელიც უკვე კალაპოტს არღვევს, მალე რეჟიმის ამოყვანილ ჯებირებსაც განგრევს და დიდი ენერგიით გვიბიძგებს ისევ თავისუფლებისკენ, ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ და აღმშენებლობისკენ. ჩემი და ციხეში მყოფი ჩვენი თანამებრძოლების ამოცანაა არა მხოლოდ პირადი თავისუფლება, არამედ ამაზე მეტად მნიშვნელოვანი, საქართველოს გათავისუფლება, ხალხის თვალებში გამოხედვა, ქვეყნის გათავისუფლება ოკუპაციისა და ჭაობისგან, აფხაზეთის დაბრუნება და ძალიან წარმატებული, დიდი ქართული სახელმწიფოს შექმნა. დიახ, ჩვენ ახლა ვცდილობთ, გავუმკლავდეთ ყოველდღიურ გაჭირვებას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენი უზენაესი დანიშნულებაა, ისევ ვიყოთ ძლიერები, ისევ გავაკვირვოთ მსოფლიო ჩვენი მიღწევებით და ავაფრიალოთ აფხაზეთში ჩვენი თავისუფლების ხუთჯვრიანი დროშა. ჩვენი დაყოფის და დემოტივააციის ყველანაირ მცდელობაში დამყოფებს ცუდად შემობრუნდათ და მტრისთვისაც, საბოლოო ჯამში, არაფრით დასრულდა და ვერც მომავალში მიაღწევს ჩვენ თამაშგარეთ დატოვებას. ჩვენ ვართ სახელმწიფოებრიობის იდეის მატარებლები და, შესაბამისად, მთავარი ქართული პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.










