"7 ნოემბრის საქმეში" ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
"თურმე ევროპამ ბოდიში უნდა მოიხადოს, ევროპარლამენტმა, რომ ითხოვენ ჩემ გათავისუფლებას. მინდა ვუთხრა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ აი ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ. აი ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ, ბოდიში უნდა მოიხადოთ თქვენ ევროპარლამენტარების წინაშე, ჩემ წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე, რომ მისი მოქალაქე ამ მდგომარეობაში არის, ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი არის ამ მდგომარეობაში ჩაყენებული", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით სახელმწიფოს არ დაურღვევია პატიმარი ექსპრეზიდენტის უფლებები, რის გამო ევროპარლამენტარებმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებას ითხოვდნენ, ბოდიში უნდა მოიხადონ.