"ჩვენ გვაქვს წინ დიდი ცვლილებები. საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, დევნილები დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში, იმპერია იშლება და ამ საკითხებში დგას კავკასიის გაერთიანების ამბავი"- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს წინ დიდი ცვლილებები. საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, დევნილები დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში, იმპერია იშლება და ამ საკითხებში დგას კავკასიის გაერთიანების ამბავი, რადგან კავკასიის გაერთიანებაში ყოველთვის ქართველები თამაშობდნენ ისტორიულად დიდ როლს. გავიხსენოთ ზვიად გამსახურდია, მეცნიერებაში – არნოლდ ჩიქობავა. იცით, რომ, მაგალითად, ინგუშებში მუდმივად დგას საკითხი საქართველოსთან შეერთების. იმპერიის დაშლასთან ერთად, არა მხოლოდ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების, არამედ დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ჩვენი ისტორიული ტერიტორიების საქართველოსთან შემოერთების საკითხი. ასოცირების საკითხი. მთლიანად იცვლება კავკასიაში სიტუაცია. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა თურქეთში და მოაწერა ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას. ეს არის ისტორიული გარღვევა. კავკასია ისევ იკვრება ერთ მუშტად. სომხეთმა გამოაცხადა რუსეთის ბაზების გაყვანის აუცილებლობის შესახებ. ეს არის იმხელა პროცესი, რომლის გარეთ საქართველო ვერ დარჩება, როგორც უნდა მოინდომონ ეს მათ, ვისაც დღეს უნდა მაქსიმალური არეულობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ახლა დაყოფის დრო არ არის.

„ჩვენი ემიგრანტები აქტიურად უნდა ჩაერთონ საქართველოს საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში. ელექტრონული კენჭისყრა უნდა შემოვიდეს და ყველა ძირითადი გადაწყვეტილება მიღებული იქნეს მათი მონაწილეობით, სახლიდან გაუსვლელად.

გაყოფის დრო რომ აღარ არის, მგონი, ამას ყველა ხვდება, ყველას სათითაოდ ანადგურებენ. ვინც მოითხოვდა, რომ მე უდანაშაულოდ ვყოფილიყავი ციხეში, რადგან ეს თურმე სტაბილურობას უწყობდა ხელს, არა მგონია, ის ახლა ამას ფიქრობდეს და ჩვენთვის ის არის ამ რეჟიმის მსხვერპლი და მე მას ვუცხადებ სოლიდარობას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.