უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ხალხის რაოდენობა ხუთი მილიონიდან სამ მილიონ შვიდასამდე შემცირდა და ამ უმძიმეს მოვლენას ხელს უწყობს, სხვადასხვა გარემოების გარდა, აბორტების საგანგაშო სტატისტიკაც, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით სამების ტაძართან განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანა ასეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავად ზომებს არ იღებს, ნიშნავს, რომ ის თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფება და მას კარგი არაფერი უწერია.

„მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ, მეტად მტკივნეულ თემაზე მთელი ქვეყნისთვის, ეს არის დემოგრაფიული მდგომარეობა და აბორტების საგანგაშო რაოდენობა. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ხალხის რაოდენობა ხუთი მილიონიდან შემცირდა სამ მილიონ შვიდასამდე და ამ უმძიმეს მოვლენას ხელს უწყობს სხვადასხვა გარემოების გარდა, აბორტების საგანგაშო სტატისტიკაც. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად გაკეთებული აბორტების საშუალო რიცხვი, დაახლოებით 22 ათასია, ამას თუ მივუმატებთ ე.წ. ქიმიურ აბორტებს, ანუ აბებით გაკეთებულ აბორტებს, რიცხვი, სულ მცირე, ორმაგდება, ზოგიერთ ქვეყანაში ეს სამმაგი და ოთხმაგიც არის. წარმოიდგინეთ, თუ წელიწადში, დაახლოებით 40-დან 50 ათასამდე ასეთი აბორტი კეთდება, რა რიცხვს ვიღებთ 10 და 100 წლის შემდეგ. ამ მონაცემებით ჩვენი კლება ყოველ წელს, დაახლოებით 50-55 ათასით ხდება, ამ ყველაფერზე გვაქვს დასაფიქრებელი. აბორტი უმძიმესი ცოდვაა, ეს არის ადამიანის მკვლელობა დედის მუცელში და ასეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავად, როდესაც ერი, ქვეყანა, არ იღებს ზომებს, ნიშნავს, რომ ის თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფება და მას კარგი არაფერი უწერია. ამით ღმერთს ვეუბნებით, რომ არ გვინდა სიცოცხლე. ჩნდება კითხვები, ვართ კი ბრძოლისუნარიანი და არის თუ არა ჩვენში სიცოცხლის სურვილი“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისი თქმით, ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს, ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდ გამარჯვებებს, გამთლიანებას და გადარჩენას.

„ფიზიკის კანონები როგორც არსებობს, რომელთა დარღვევაც აუცილებლად იწვევს დიდ დაზიანებს, სიკვდილსაც, ასევე არსებობს სულიერი კანონებიც და მათი დარღვევა იწვევს სულიერ დაზიანებს, განადგურებას, სულიერ სიკვდილს. ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს, ის ერი ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდ გამარჯვებებს, გამთლიანებას და გადარჩენას. ამაზე ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ჩვენს ქვეყანაში. რა არის გამოსავალი? პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში, რომ აბორტი გააზრებული უნდა იყოს, როგორც დიდი ცოდვა. ყველამ უნდა გავიგოთ მარტივი ჭეშმარიტება, რომ ემბრიონი, არის ჩასახული ადამიანი და, რომ ადამიანის მოკვლა არ შეიძლება. შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია, გამორიცხულია“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისი თქმით, ძალიან კარგი გამოცდილება არსებობს ბევრ მოწინავე ქვეყანაში.

„აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და მიღებულია საკანონმდებლო ნორმები, რომელიც მეტად, თუ ნაკლებად ზღუდავს აბორტის გაკეთებას. აშშ-ში ათი შტატია, სადაც საერთოდ აკრძალულია აბორტი და ბევრ ქვეყანაში არის მეტ-ნაკლებად სხვადასხვანაირი რეგულაციები. ალბათ დადგა დრო, ამაზე ვიფიქროთ, ცნობიერების ამაღლებაზე, ამისთვის არსებობს კარგი პრაქტიკები საგანმანათლებლო. იქნებ ვიფიქროთ ამის დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად, წელიწადში ერთხელ როდესაც სკოლებში, მაღალ კლასებში გოგონებთან შედიან სპეციალისტები და უტარებენ ასეთ საუბარს, თუ რა ზიანი მოაქვს აბორტს ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად, არ ვამბობ დემოგრაფიაზე, მაგრამ ამაზეც არის საუბარი საჭირო, სულიერად რა ზიანი მოაქვს, ეს პრაქტიკა ძალიან ეფექტური ყოფილა. და შემდეგ მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც დაარეგულირებს და გაამკაცრებს ამ საკითხს, ეს აუცილებელია. ასევე არის სხვადასხვა სოციალური პროგრამები, რომელშიც შეიძლება, ეკლესია სახელმწიფოსთან ერთად იყოს ჩართული და დავეხმაროთ ხალხს ამ დიდი გამოწვევის დაძლევაში. იმედია, რომ ღვთის წყალობით ჩვენ ამას შევძლებთ და შევძლებთ ჩვენი ოჯახების გადარჩენას და ოჯახური ფასეულობების გაძლიერებას და შენარჩუნებას. მისი უწმინდესობა, კათოლიკოს პატრიარქი როგორც ამბობს, ოჯახი არის საფუძველი სახელმწიფოსი, თუ ოჯახი იქნება ძლიერი, ქვეყანაც და სახელმწიფოც იქნება გამართული და ძლიერი. შეგვეწიოს უფალი ამაში. აი, ასეთი აზრები წარმოიშვა დღეს, ამ დიდებულ დღესთან დაკავშირებით და არიან ვხარობთ ჩვენ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ერთსულოვნება“, – განაცხადა მეუფე შიომ.