ჩვენთვის ყველა ძალა, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენია. ზოგიერთი მართალია - ზოგიერთი არ არის მართალი, მაგრამ ყველა ჩვენია - „იმედი LIVE“ მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა პატრიარქის ერთერთ ბოლო მიმართვაზე ისაუბრა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა მათ მხარდამჭერ განცხადებად აღიქვეს.

მისი თქმით, ეკლესია არასდროს გააკეთებს იმას, რომ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს დაუჭიროს მხარი, „რადგან ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ყოფს“.

მეუფე იაკობმა უწმინდესზე საუბრისას 2012 წლის მოვლენები გაიხსენა.

„ჩვენთვის ყველა ძალა, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენია. ზოგიერთი მართალია - ზოგიერთი არ არის მართალი, მაგრამ ყველა ჩვენია. პატრიარქს ჩემზე კარგად არავინ იცნობს და უწმინდესი მსგავს განცხადებებს არ აკეთებს.

ერთ მძიმე განცხადებას გავიხსენებ - 2012 წელს, ციხის ამბები რომ გამოვლინდა, უწმინდესთან ერთად დავბრუნდი სამებიდან, ლოცვიდან. სხვა მეუფეებიც იყვნენ და საპატრიარქოში სამი პირი დაგხვდა: მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი დავით ბაქრაძე, ბატონი გიგი წერეთელი და ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი.

პატრიარქმა სხვა მეუფეებსაც უთხრა, რომ დარჩენილიყვნენ. ჩვენ შევედით უწმინდესის სენაკში, საწყის ოთახში. დავსხედით და საკმაოდ მკაცრი საუბარი იყო. ციხის კადრების გავრცელების შემდგომი, არჩევნებამდე პერიოდი იყო. უწმინდესმა უთხრა მათ, რომ ვინც ამას აკეთებდა ყველა დასაჭერია, ხელმძღვანელობას რომ არ სცოდნოდა, გამორიცხულიაო. არა, დაჭერა ცოტაა, ქვეყნიდან უნდა გააძევო. ესეც ცოტაა, რომ გარდაიცვლება, ქართულ მიწას არ უნდა მიაბაროო. სამივემ ტირილი დაიწყო. თუ რაიმეს ტყუილს ვამბობ, გაიხსენონ. შემდეგ მე გამოვაცილე ისინი და ვუთხარი, რომ ეს მათ არ ეხებოდათ.

ჩვენგან მხარდაჭერა როგორ უნდა ეთხოვათ? პატრიარქი მაგაზე მხარს ვის დაუჭერდა?! ამ საკითხზე ჩვენ განცხადებები უკვე გაკეთებული გვქონდა. ჩვენი ერის წინააღმდეგ გარიგებაზე ჩვენ არავისთან მივდივართ“, - თქვა მეუფე იაკობმა.