იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მართმსაჯულება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანეს ღერძს წარმოადგენს.
"მინდა ხაზგასმით აღვღნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის ბევრ კრიტიკოსს და სკეპტიცისტს, ვისაც არ სჯერა სასამართლოში განხორციელებული რეფორმების წარმატებულობისა, მსოფლიოს წამყვანმა კვლევითმა ცენტრმა The Heritage Foundations-მა სათანადო პასუხი გასცა. დავოსის ეკონომიკური ფორუმის და მსოფლიო ბანკის შესაბამის ინფორმაციაზე დაყრდნობით ხსენებულმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კვლევა, რომლის თანახმად ეფექტიანობის მაჩვენებლით საქართველოს სასამართლო სისტემა პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში",-აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, ეს იმის აღიარებაა, რომ 2012 წლის შემდგომ, სახელისუფლებო წნეხისგან და ძალმომრეობისგან გათავისუფლებული მართმსაჯულება, რომელმაც რამოდენიმე გზის ეტაპობრივი რეფორმირება განიცადა, წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული განმვითარების უმნიშვნელოვანეს ღერძს.
"სწორედ ეს არის საზოგადოების დაკვეთა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, რომლის მიზანიც ობიექტური მართმსაჯულების განხორციელება წარმოადგენს. გულწრფელად ვულოცავ ამ აღიარებას სრულიად საქართველოს, თუმცა აქვე დავძენ, რომ სასამართლომ უნდა გააგრძელოს რეფორმების გზით სიარული, არ მოაკლოს მცდელობა საბოლოოდ დაამკვიდროს ევროპული ტიპის, დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული ობიექტური მართლმსაჯულება, რომლის გარეშეც, როგორც ამას ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია გვამცნობს, შეუძლებელია თავისუფალი საზოგადოების არსებობა",-განაცხადა მათიკაშვილმა.