პეტერ ფიშერის უარმყოფელ განცხადებას მთავრობის წევრები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, გერმანიის ელჩის პასუხი მის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.

"უმჯობესი იყო კითხვებზე პასუხი გაეცა. ეს კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ, აჩვენებს გარკვეული დიპლომატების მხრიდან, ევროპის დღევანდელ სამწუხარო სახეს. ერთის მხრივ, პოზირება არშემდგარი რევოლუციის ორგანიზატორებთან, ამასთან, მეორე დღეს გამიჯვნა, რომ თითქოს აქციაზე არ იყო, ეს არის ორმაგი სტანდარტი. ასევე, ზუსტად გამოხატავს იმ სამწუხარო რეალობას, რაც დღეს ევროპაში ხდება," - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროპული გაერთიანებების 30-წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მათ შორის იყო გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, რომელსაც მედიამ კითხვა ოპოზიციის წახალისებასთან დაკავშირებით დაუსვა. ფიშერი კვლავ უარყოფს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას და ვენის კონვენციის დარღვევას. ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კი ამ თემაზე საუბარი ჟურნალისტებთან საერთოდ არ ისურვა.