ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიული მედია აქვეყნებს.

2024 წლის ევროვიზიის გამარჯვებულმა, შვეიცარიელმა შემსრულებელმა Nemo-მ, თავის ინსტაგრამზე  განაცხადა, რომ უარს ამბობს კონკურსზე მიღებულ ჯილდოზე.

Nemo-მ ევროვიზიის კონკურსში 2024 წელს გაიმარჯვა სიმღერით The Code. ის ახლა გეგმავს თავისი ჯილდოს გაგზავნას ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორი ორგანიზაციის, ევროპის მაუწყებლობის კავშირის შტაბ-ბინაში, ჟენევაში.

თავის პოსტში Nemo აღნიშნავს, რომ წარმოუდგენლად მადლიერი ვარ კონკურსის მონაწილე საზოგადოების, აფასებს იმ გამოცდილებას, რომელიც მან როგორც ხელოვანმა და პიროვნებამ მიიღო კონკურსში მონაწილეობის შედეგად, თუმცა, აღარ მიაჩნია, რომ ჯილდო მის თაროზე უნდა იყოს.

ის ჩამოთვლის ევროვიზიის ძირითადი ღირებულებებს, ამბობს, რომ ერთიანობა, ინკლუზიურობა და ღირსება მისთვის მეტად მნიშვნელოვანი ღირებულებები იყო და  ახლა, ისრაელის  კონკურსში მონაწილეობით, ამ ღირებულებებზე ხაზის გადასმა ხდება. 

Nemo გენოციდში დამნაშავე სახელმწიფოს კონკურსში დაშვებასა და ამ ღირებულებების დეკლარირებას შორის წინააღმდეგობას ხედავს და თვლის, რომ კონკურსის აპოლიტიკურად მოხსენიება არასწორია.

„როდესაც მთელი ქვეყნები ამ წინააღმდეგობის გამო წყვეტენ კონკურსს, ნათელი უნდა იყოს, რომ რაღაც ფუნდამენტურად არასწორია“, - ამბობს Nemo  და დასძენს:

„თუ სცენაზე ვსაუბრობთ ღირებულებებზე, რომლებიც კულისებში არ არის რეალიზებული, ყველაზე ლამაზი სიმღერებიც კი კარგავს აზრს. მე ველოდები სიტყვებისა და საქმეების შეხამებას. მანამდე კი პრიზი თქვენია“.

ბოლო კვირების განმავლობაში, მომავალმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსმა მნიშვნელოვანი დავა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ  ევროვიზიის კონკურსში ისრაელის მონაწილეობის გამო ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, ირლანდიამ, სლოვენია და ისლანდიამ პროტესტი ხმამაღლა გამოთქვეს და კონკურსს ბოიკოტი გამოუცხადეს.