ყველა ის ძირითადი მიმართულება, რაც რეფორმის ფარგლებშია, არის კარგად ნაფიქრი, კარგად გააზრებული, პროფესიონალების და ექსპერტების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომად- განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საუბრისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, ისინი ისტორიაში რეფორმატორების სახელით შევლენ, რომლებიც არ შეუშინდნენ გამოწვევებს და ფსევდოლიბერალების ბულინგს.
„არც ტელევიზიას ადევნებთ თვალს, არც საპარლამენტო პროცესში ხართ ჩართული იმისათვის, რომ თუნდაც გენახათ რექტორთა საბჭოები და არა ერთი შეხვედრები, რომლებიც სამინისტროს მხრიდან იყო წარმართული, ის კონსულტაციები, რომელსაც სამინისტრო მართავდა უშუალოდ რეფორმის შემუშავების პროცესში. ჩვენი გადაწყვეტილებით, ის რომ რეფორმა იქნას წარმოდგენილი კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ერთი მხრივ ხალხზე, ხალხის სიკეთეზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას და გამბედაობას და ისტორიაში აუცილებლად შევალთ, როგორც რეფორმატორები, რომლებიც არ შეუშინდნენ არც ფსევდოლიბერალების ბულინგს და არც იმ გამოწვევებს, რასაც სამწუხაროდ დღეს თქვენ აწყდებით და ხართ ამ გავლენებში. საქართველოს და ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ისტორიაში სამწუხაროდ, თქვენ თქვენი წითელი ღილაკით შეხვედით და დაიმკვიდრეთ თქვენი ადგილი თქვენს პოლიტიკურ მოღვაწეობაში“-მიმართა ლაშხმა ოპოზიციას.
დეპუტატმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ამ პროცესში ჩართულ თითოეულ მონაწილეს. „ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრს, რომლის გამბედაობის და ღირსეული მიდგომის საფუძვლად ჩვენ გვაქვს სწორედ ასეთი სახის რეფორმა. მადლობა ბატონ გივი მიქანაძეს, რომელმაც ჯერ კიდევ საპარლამენტო პერიოდში დაიწყო ამაზე მუშაობა და წინა მოწვევაში მივიღეთ ზოგადი განათლების ეროვნული გეგმა, რომელიც ერთგვარი კონსტიტუციაა ჩვენი რეფორმის, რომელსაც დაეფუძნა განათლების რეფორმა. მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ ზვიადს [გაბისონია], ბატონ დავითს და მთელს განათლების სამინისტროს გუნდს. ასევე, განათლების კომიტეტს და ყველა ჩემს კოლეგას, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში.
დღეს ჩვენ შევალთ ისტორიაში როგორც რეფორმატორები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის მომავალზე და ვხედავთ მეორე მხარეს, ხალხი, რომელიც ამ რეფორმის, ჩვენი ქვეყნის, შვილების, მშობლების მომავლის წინააღმდეგ გადადგეს ნაბიჯი“-განაცხადა მარიამ ლაშხმა.








