"ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელი იყო ცვლილებები და ჩვენი ქვეყნის პრემიერის ხელმძღვანელობით, სამინისტროსა და პარლამენტის ჩართულობით, დაგეგმილია როგორც უმაღლესი, ასევე, ზოგადი და სამეცნიერო განათლების რეფორმა. ეს არის არა მხოლოდ რეფორმა, არამედ ეროვნული, ძირეული განვითარების პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მომავალს", - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი განცხადებით, საქართველო არის იყალთოსა და გელათის მემკვიდრე ქვეყანა, სადაც განათლება ყოველთვის იყო ეროვნული იდენტობის საფუძველი.
"ამ ტრადიციის გაგრძელება ჩვენი პასუხისმგებლობაა. განათლების რეფორმის მისიაა აღზარდოს მოქალაქე, რომელიც იცნობს საკუთარ ისტორიას და ემსახურება სამშობლოს განვითარებას", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მისი შეფასებით, წინა ხელისუფლების პერიოდში განათლების სფეროში გადადგმული იქნა არაერთი არასწორი, იდეოლოგიურად მოტივირებული ნაბიჯი.
"ეს იყო მანკიერი, ანტიეროვნული პოლიტიკა, რომელსაც მიზნად ჰქონდა ქართული იდენტობის დასუსტება და ჩვენი ახალგაზრდების გაუცხოება საკუთარი ფესვებისგან. ეს დრო დასრულდა! "ქართული ოცნება" არავის მისცემს უფლებას წაართვას მომავალ თაობას ხარისხიანი განათლების შესაძლებლობა. ყველა ბავშვი, იქნება ის თბილისში თუ მაღალმთიან სოფელში, მიიღებს ერთნაირ, ხარისხიან, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებულ განათლებას", - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ახალი რეფორმა ფუნდამენტურ საგნებზე, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე - ქართულ ენაზე, ლიტერატურაზე, ისტორიასა და გეოგრაფიაზე აკეთებს აქცენტს, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ეროვნული იდენტობის საფუძველს.
"პარალელურად, გაძლიერდება ზუსტი მეცნიერებების სწავლება. შემოვიღებთ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპს, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა მოსწავლისთვის.
მასწავლებლის პროფესია გახდება პრესტიჟული კარიერული არჩევანი - გაიზრდება ხელფასები, შეიქმნება პროფესიული განვითარების მკაფიო სისტემა და კარიერული წინსვლის გამჭვირვალე მექანიზმები. სკოლები აღიჭურვება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ლაბორატორიებით, სპორტული ობიექტებით და უსაფრთხო სასწავლო გარემოთ.
დღეს სტუდენტების 85 პროცენტი თბილისშია კონცენტრირებული და მხოლოდ 15 პროცენტი სხვა რეგიონებში. ეს არის დისბალანსი, რომელიც აცლის რეგიონებს განვითარების შესაძლებლობას და ქმნის დედაქალაქის გადატვირთვას. რეფორმა უზრუნველყოფს რეგიონული განვითარების ახალი იმპულსს და სახელმწიფო რესურსების მიზნობრივ ხარჯვას. ჩვენი რეფორმა ქმნის ქუთაისში ქვეყნის მეორე მთავარ საუნივერსიტეტო კერას, შემოვიღებთ "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი" პრინციპს სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რაც რესურსების ოპტიმიზაციას და ხარისხის ამაღლებას მოგვცემს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მისი განმარტებით, აკადემიური პერსონალის რესურსი არაეფექტურად არის განაწილებული, კვლევითი საქმიანობა სუსტია, ბევრი კურსდამთავრებული ვერ პოულობს სამუშაოს, რადგანაც მიღებული განათლება არ შეესაბამება შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, რეფორმა ამ პრობლემებს პასუხობს - უზრუნველყოფს ბაზრის საჭიროებების სიღრმისეულ კვლევას, დაფინანსება მიემართება ქვეყნისთვის აუცილებელ სპეციალობებს, ხოლო კურსდამთავრებულები მიიღებენ განათლებას, რომელიც უზრუნველყოფს მათ დასაქმებას.
"განათლება არის ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. ჩვენ ვქმნით სისტემას, სადაც თითოეული ბავშვი მიიღებს ხარისხიან განათლებას. ეს რეფორმა განხორციელდება თანმიმდევრულად, გამჭვირვალედ და საზოგადოების ჩართულობით. ჩვენი მიზანი მკაფიოა: ეროვნული ღირებულებების შენარჩუნება და თანამედროვე, კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნა.
2-3 წელიწადში საქართველოში იქნება ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების სფეროში. ჩვენ ვაშენებთ განათლების სისტემას, რომელიც აღზრდის მოქალაქეებს, რომლებიც იცნობენ და აფასებენ საკუთარ ისტორიას, პატივს სცემენ ეროვნულ ღირებულებებს და ემსახურებიან საქართველოს განვითარებას და არიან ბაზარზე კონკურენტუნარიანები.
და ბოლოს საქართველო აბრუნებს ისტორიული განათლების კერის როლს - თანამედროვე სტანდარტებით ვაგრძელებთ იყალთოსა და გელათის აკადემიების ტრადიციას!" - განაცხადა მარიამ ლაშხმა.








