თუ ვინმემ იცის მშვიდობის ფასიც, მეგრელებმა და სვანებმა იციან, თუ იციან. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უკანასკნელი რამდენიმე ათეული წელი საკმარისზე მეტი იყო ამ ყველაფრის აღსაქმელად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ზუგდიდში„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უდიდესი პატივისცემით მივესალმები, გამორჩეულ, გამჭრიახ, უნიჭიერეს და პატრიოტ ქართველებს. ამ ორი ულამაზესი, უდიდესი ისტორიის და კულტურის მქონე მხარის შვილებს. 
მივესალმები ჩვენს დელეგატებს, ბატონებს: დავით კოდუას, ილია ინჯიას, გიორგი ხახუბიას, გოჩა ენუქიძეს; ჩვენს სვან ძმებს „ხალხის ძალიდან“ -  მივესალმები ბატონ სოზარ სუბარს, ვიქტორ ჯაფარიძეს. 
თუ ვინმემ იცის, ჩემო მეგობრებო, ურთიერთგატანა, ბრძოლა ეროვნული საქმის და ღირებულებებისთვის, ეს სწორედ მეგრელი და სვანი კაცი და ქალია. თუ ვინმეს მაგრად აქვს სისხლში გამჯდარი ბრძოლა ტრადიციული, ეროვნული ღირებულებებისთვის, ქართული, მეგრული, სვანური იდენტობის შენარჩუნებისთვის - ეს ხალხი ხართ თქვენ სწორედ და თუ ვინმემ იცის მშვიდობის ფასიც, მეგრელებმა და სვანებმა იციან, თუ იციან. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უკანასკნელი რამდენიმე ათეული წელი საკმარისზე მეტი იყო ამ ყველაფრის აღსაქმელად. შესაბამისად ამისა, ბუნებრივია, ჩვენი გულწრფელი მოწოდებაც იმაში მდგომარეობს, რომ 26 ოქტომბერს, არჩევნებში გადამწყვეტ უთანასწორო არჩევნებსა და ბრძოლაში, მხარი დაუჭიროთ მმართველ პარტიას, რომელიც მშვიდობისთვის, ღირსებისთვის, კეთილდღეობისთვის იბრძვის და რაც მთავარია, თავის სამშობლოს ემსახურება და არა ვინმე სხვას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.