შემდეგ სასესიო კვირაში, რომელიც სავარაუდოდ ბოლო სასესიო კვირა იქნება ამ მოწვევის პარლამენტისთვის, ჩვენ მივიღებთ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ 19 კანონისგან შედგება. ხოლო მას შემდეგ, რაც ძალიან დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენ ამ ინიციატივას უკვე ავსახავთ საქართველოს კონსტიტუციაში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი არის მნიშვნელოვანი და მის გადაწყვეტას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება.
„ვინაიდან დღეს ჯერჯერობით არ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის მხოლოდ კანონი და არა, ჯერჯერობით, საკონსტიტუციო ცვლილება. კანონი, რომელსაც მიიღებს დღეს მოქმედი პარლამენტი ოჯახური ღირებულებების შესახებ, როგორც ამას ვუწოდებთ-ხოლმე, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და ჩვენ ამ კვირაში, მეორე მოსმენით განვიხილავთ და მივიღებთ, ხოლო შემდეგ სასესიო კვირაში, რომელიც სავარაუდოდ ბოლო სასესიო კვირა იქნება ამ მოწვევის პარლამენტისთვის, ჩვენ მივიღებთ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც 19 კანონისგან შედგება ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, ხოლო მას შემდეგ, რაც ძალიან დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩვენ ამ ინიციატივას უკვე ავსახავთ საქართველოს კონსტიტუციაში“, - აღნიშნა მდინარაძემ.