უფრო დიდი ამორალურობა და სპეკულაცია, რომ ნავალნი და სააკაშვილი შეადარო ერთმანეთს არ არსებობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ნავალნის გარდაცვალება სამწუხაროდ გვახსენებს 2012 წლამდე ჩვენ დაღუპულ ასობით პატიმარს ციხეში. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ჰყავდა ისეთი ხელისუფლება, რომ დღეს ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების პირობებში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რა გარემოებებში დაიღუპა კონკრეტული ადამიანი, ეს რომ გახსენებს სულ რაღაც 11-12 წლის წინანდელ რეჟიმს, ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა. ჩვენ ასობით პატიმარი გვეღუპებოდა ასეთ გაურკვეველ ვითარებაში და ამ რეჟიმს ემსახურებიან დღეს ტელევიზიები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, ენჯეოს ზოგიერთ წარმომადგენელი და დღეს ამ საკითხზე რუსეთის კონტექსტში ისმება შეკითხვები, თუმცა არანაირი კითხვის ნიშანი არ აქვს ამ ადამიანებს საქართველოს კონტექსტში და კითხვებიც კი ისმება ასეთ საკითხებზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის პარადოქსი.

მიხეილ სააკაშვილია ის ადამიანი, რომელმაც შექმნა სისტემა, სადაც გაურკვეველ გარემოებებში იღუპებოდა ასობით ადამიანი. ოდნავ მორალი თუ აქვს, ადამიანმა როგორ უნდა გაბედო ამ შედარებაზე ლაპარაკი, როდესაც დღეს ეს სისხლის სამართლის დამნაშავე, კრიმინალი სააკაშვილი სასჯელს იხდის ოროთახიან ლუქსში. ძალიან გთხოვთ დაგუგლოთ რანაირ კამერაში იჯდა ნავალნი თავისი პატიმრობის დროს. ერთმანეთის გვერდით დადეთ ორივე ფოტო და რანაირი ვიზუალური განსხვავებაც არის მათ შორის, იგივე განსხვავებაა პატიმრობის მიზეზებით დაწყებული, პირობებით გაგრძელებული. უფრო დიდი ამორალურობა და სპეკულაცია, რომ ნავალნი და სააკაშვილი შეადარო ერთმანეთს, იმ სისტემის შემქმნელი, სადაც პატიმრები გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან, არ არსებობს“, – განაცხადა მდინარაძემ.