ნიკა გვარამიასგან "ნაცმოძრაობის" კრიტიკა დაახლოებით იგივეა, რაც ჰიტლერის მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს გაეკრიტიკებინა ფაშისტური რეჟიმი, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა. მდინარაძეს კითხვა დაუსვეს ნიკა გვარამიას ინტერვიუს შესახებ, სადაც ის "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.
"რაც შეეხება იმას, რა მიზანს ისახავს ["ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა], გვარამია იქნება ეს თუ სხვა, არ აქვს მნიშვნელობა სახელებსა და გვარებს - ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენლები, იყვნენ ნაცმოძრაობის წევრები, მისი სატელიტები საბანკო სექტორიდან საიდანაც არეკეტებდნენ ხალხს თუ ა.შ. - ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ერთ ჯგუფში იყვნენ და დღესაც ერთ ჯგუფში არიან, უბრალოდ, მათ აქვთ საარჩევნო მიზნები. როდესაც "ქართულ ოცნებას" რეიტინგი აქვს 60 პროცენტამდე, რადიკალურ ოპოზიციას, მათ შორის "ნაცმოძრაობას" და მათ პატარ-პატარა სატელიტებს დაახლოებით 20 პროცენტი, დანარჩენი 20 პროცენტი არის, ასე ვთქვათ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლების გარკვეული სივრცე, რისთვისაც ყველა იბრძვის, მათ შორის, ჩვენც. ახლა, ნიკა გვარამია ცდილობს, რომ ამ 20 პროცენტში რამდენიმე პროცენტზე იმუშაოს, იბრძოლოს. ამ გადაუწყვეტელ, დაახლოებით 15-დან 20 პროცენტამდე ამომრჩეველს უმიზნებს ხაზარაძეც, გვარამიაც - აი, ამაზე მუშაობენ და ცდილობენ, რომ ხალხი მოატყუონ, გაემიჯნონ "ნაცმოძრაობას" და შექმნან რაღაცა ფონი, თითქოს ისინი არიან "ნაცმოძრაობისგან" დამოუკიდებლები. როგორ შეიძლება სერიოზულად ვიმსჯელოთ ნიკა გვარამიას არა-ნაცობაზე? ისევე, როგორც ვერასდროს, ჰიტლერის მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ვერ ილაპარაკებდა იმაზე, რომ ისინი ემიჯნებიან ფაშიზმს, ასევე ვერ უნდა ილაპარაკოს ნიკა გვარამიამ, რომ ის ემიჯნება "ნაცმოძრაობას".
ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, გუშინაც ვთქვი და კიდევ უფრო დავაკონკრეტებ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ აქვს 60 %, შეუძლებელია, რომ აქ ვინმემ წარმატებას მიაღწიოს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ნაცმოძრაობას აქვს არასრული 20% , დანარჩენ პროცენტებზე ასე ვთქვათ, ნადირობს ყველა. შესაბამისად ამისა, იქ ძალიან დიდი შანსი აქვს რა თქმა უნდა მათ შორის „ქართულ ოცნებასაც“, რომ ამ 20%-ში ნდობა მოიპოვოს, მაგალითად, თავისი სიმართლით, გულწრფელობით, თავისი რეფორმებით, თავისი რეალურად პროევროპელობით, მშვიდობით, სტაბილური განვითარებით და ა.შ., მაგრამ როდესაც ემიჯნებიან „ნაცმოძრაობას“ ნაცმოძრაობის წევრები და ისინი ცდილობენ ამ 20%-ში რაღაცნაირად შეძვრნენ ამ გზით, ამაზე აბსტრაქტული, ამაზე არარეალური ამოცანა ბუნებრივია ვერ იქნება, იმიტომ, რომ "ნაცმოძრაობის" პროცენტებში ერთმანეთში მათ მოუწევთ ჭიდაობა, ზრუნვა იმაზე, რაც აბსოლუტურად არარეალურია და ამიტომ მათ ვერანაირ პროგრესს ამ მიმართულებით ვერ უწინასწარმეტყველებს ვერც ერთი ობიექტური დამკვირვებელი ან რომელიმე ექსპერტი ამ სფეროში." - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.