როცა სააკაშვილის ბრალს ოდნავ მაინც იცნობ და მაინც ამბობ, რომ ის უკანონოდ არის დაკავებული, ესე იგი არ გაინტერესებს არაფერი, ფაქტობრივი მოცემულობა შენთვის მეასეხარისხოვანია და უბრალოდ შენს წარმომადგენელს საქართველოში, შენი ინტერესებიდან გამომდინარე იცავ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნას შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.
მისი თქმით, საქართველოს არასდროს წარმოადგენდა სააკაშვილი, ის წარმოადგენდა გარე-ძალებს და შესაბამისად, ისინი დღეს მას არგუმენტების გარეშე იცავენ.
„არ გაგვიკვირდეს, ეს ბუნებრივი ამბავია, ჩემთვის პირადად, ამაში რაიმე გასაოცარი და გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ადამიანები ამოქმედებდნენ კონკრეტულ ადამიანს, თავისი ინტერესების შესაბამისად და დღეს ისინი იცავენ მას არგუმენტების გარეშე. როცა სააკაშვილის ბრალს ოდნავ მაინც იცნობ და მაინც ამბობ, რომ ის უკანონოდ არის დაკავებული, ესე იგი არ გაინტერესებს არაფერი, ფაქტობრივი მოცემულობა შენთვის მეასეხარისხოვანია და უბრალოდ შენს წარმომადგენელს საქართველოში, შენი ინტერესებიდან გამომდინარე იცავ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყანა დაიცავს თავის წარმომადგენელს სხვა ქვეყანაში. საქართველოს არასდროს წარმოადგენდა სააკაშვილი, ის წარმოადგენდა გარე-ძალებს. ერთ-ერთი აქტიური განმახორციელებელი იმისა, რაც წეღან მოგახსენეთ, რაზეც ვისაუბრე, რომ საკუთარი ხალხის ხელით დაიპყრონ, ან ზეგავლენა მოახდინონ რომელიმე ქვეყანაზე, ამისი აქტიურად აღმასრულებელი და განმახორციელებელი იყო ეს კაცი და იცავენ ბუნებრივია, ამას მე საერთოდ არ მივიჩნევ გასაკვირ ამბავს,“- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.








