საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტნიორებისგან „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით სიტყვა რუსული აღარ ისმის, თუმცა ახლა საუბარია იმის შესახებ, რომ აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირთან შეუსაბამოა.
მისი თქმით, მსგავი კანონი, რომელიც ევროკავშირშია დაინიცირებული და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, ასევე, აშშ-ში უკვე მოქმედებს, გაცილებით მკაცრია, ვიდრე მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი ვერსია.
„ერთი წელი მოვუნდით, რომ პარტნიორების მხრიდან სიტყვა რუსული აღარ თქმულიყო, არ ვლაპარაკობ ცალკეულ ევროპარლამენტარებზე. სიტყვა რუსული რომ ამოვარდნილიყო, ერთი წელი მოვუნდით და ახლა თურმე ევროკავშირთან შეუასაბამოა ის კანონი, რომლის მსგავსი ევროკავშირშია დაინიცირებული და კიდევ უფრო მკაცრია. დაინიცირებულია ევროკავშირში, ევროკომისიის დირექტივის სახით, ასევე, ქვედა პალატამ უკვე მიიღო საფრანგეთში გაცილებით მკაცრი კანონი და მოქმედებს აშშ-ში, სხვა ქვეყნებში, დემოკრატიულ, ცივილიზებულ სამყაროში. ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ამერიკის მოქმედი ელჩის მიმართ, რომ მისი განწყობა, დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვა არის, ამის არაღნიშვნა არ შეიძლება, თუმცა მანაც გაგვაკრიტიკა გუშინ. თქვა, რომ ეს არ არის ამერიკული კანონი და მართალი თქვა. შარშან ორი კანონიდან ერთი იყო პირდაპირი თარგმანი, რასაც რუსული დაარქვეს, ეს არის გაცილებით ლოიალური ვერსია, არამკაცრი, სადაც ვალდებულება მხოლოდ დარეგისტრირებასა და დეკლარაციის შევსებაშია. სხვა ქვეყნის კანონისგან განსხვავებით, ჩვენ მიერ დაინიცირებულ პროექტში მეტი ვალდებულება არ არსებობს. ოღონდ, შარშან არსებობდა მეორე პროექტი, რომელსაც ასევე რუსული დაარქვეს, რომელიც ამერიკული ვერსიის პირდაპირი თარგმანი, გაცილებით მკაცრი იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძის განმარტებით, ენჯეოსექტორის ერთ-ერთი წარმომადგენელი როგორც იქნა, დისკუსიაში ჩაერთო და მიუთითა მეორე პუნქტზე, რომ ის არის რუსული. მდინარაძის თქმით, სინამდვილეში, მან ყველაზე არარუსული მუხლი დაასახელა.
„როგორც ვიცი, ენჯეოსექტორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გაბედა, როგორც იქნა, ვიღაც შემოვიდა დისკუსიაში და თქვა, მეორე მუხლი არის რუსულიო. რუსეთში – გავლენის აგენტი, რაც ჩვენს კანონმდებლობაში არ არის, ასევე, ამერიკულში არის გავლენის აგენტი, რაც შარშან იყო ჩვენს კანონმდებლობაში და წელს არ არის. უცხო ქვეყნების ძალებთან დაკავშირებული და გამჭვირვალობა – ამ ორი მინიშნების მიქსითაა ყველა სათაური ევროპულში, ამერიკულში და ა.შ. როგორც იქნა, წამოსცდათ მეორე მუხლი. მეორე მუხლი არის მთავარი განმასხვავებელი ყველა სხვა დანარჩენისგან, იმიტომაა ყველაზე არამკაცრი, რომ ფიზიკურ პირებს საქართველოში, ჩვენი კანონპროექტი არ მოიცავს. დანარჩენგან, მათ შორის ფრანგულში, ამერიკულში, რუსულში, ყველგან არის ფიზიკური პირი, ობიექტი ამ კანონმდებლობისა. მხოლოდ ქართულში არ არის ფიზიკური პირი. რაც შეეხება დასახელებას, კიდევ უფრო მკაცრია როგორც რუსეთში, ასევე აშშ-ში და ყველა დანარჩენში. ამიტომ ყველაზე დიდი განსხვავება, რაც არის მათ შორის რუსულთან, არის სწორედ მეორე მუხლი. სიტყვა გავლენაა საერთოო, იგივე წარმატებით შეუძლიათ, თქვან, რომ რეგისტრაციის და დეკლარაციის შევსების ვალდებულებაა რუსულიო, ამასაც იტყვიან ცოტახანში. ოღონდ ეს არის საერთო ნიშანი, რაც ყველა მსგავს კანონმდებლობას აქვს. ჩვენს ინიციატივაში ყველაზე არარუსული მუხლი დაასახელეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.