„მაშინ როდესაც, 2017 წელს, ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ოჯახი ეს იყო ქალისა და მამაკაცის კავშირი, გვამუნათებდნენ და ამაზე გვეუბნებოდნენ, რომ არ იყო ეს საკითხი აქტუალური, მაგრამ ვნახეთ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. დღეს, როდესაც ვიღაცას უნდა, რომ „შემოგვასაღოს“ ეს საკითხი, რომ უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აურიოს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მკაცრად და მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ქუთაისში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე.
მამუკა მდინარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანის უფლება თანაბრად იყოს დაცული.
„ყველას უფლება, ნებისმიერი რამის მიუხედავად, უნდა დავიცვათ ერთნაირად და ყველას უფლება უნდა დავიცვათ უპირატესად. მაგრამ, ამავე დროს, თუ კი ვინმეს უფლების დაცვაზეა საუბარი, ჩვენ უნდა შევძლოთ და უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი შვილები, მომავალი თაობები, ქვეყნის მომავალი, ოჯახური ღირებულებები და ჩვენი არასრულწლოვანები დავიცვათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების თანახმად, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანზე.
„არსებობს „გელაპის“ კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა გარკვეულ გავლენას ახდენს, ეს ჩვენ არ გვითქვამს, არც მოგვიფიქრებია, მაგრამ დაადასტურა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებმა. თუ ჩვენ ამ ორ რაღაცას ერთმანეთისგან მკაცრად გავმიჯნავთ, ჩვენ მართლები ვიქნებით ნებისმიერი ადამიანის წინაშე - მათ უფლებებს დავიცავთ და ამავე დროს ჩვენ დავიცავთ ჩვენს ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციებსა და კულტურას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.
კანონპროექტის მიზანია, ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება.