მიხეილ სააკაშვილია „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერი, მოუნდება, იქნება სოფო ჯაფარიძე, მოუნდება იქნება ლევან ხაბეიშვილი, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას მიხეილ სააკაშვილის განცხადების თაობაზე, სადაც ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, პარტიის ბორდის თავმჯდომარედ აირჩიონ, სოფო ჯაფარიძე კი მისი მოადგილე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს.
„უცხო სახელმწიფოს, ჩვენი მეგობარი უკრაინის, რომლის ხელისუფლების წარმომადგენლების დიდი ნაწილი არ მეგობრობს დღეს ჩვენთან და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვართ, მოქალაქედ დარეგისტრირებული მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის წარმომადგენელია. მან თავად თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი და მას არ აქვს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება. ეს ერთი საკითხია. მეორეა, რომ ის მაინც განსაზღვრავს, რადგან მისი ფინანსებიც არის. მას მოუნდება, იქნება სოფო ჯაფარიძე, მოუნდება იქნება ხაბეიშვილი ან სხვა, არ აქვს მნიშვნელობა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მიხეილ სააკაშვილი არის რეალური ლიდერი „ნაცმოძრაობის“ თავისი წარსული ბოროტებით, მძიმე ცოდვებით, რაც ამ ადამიანს კისერზე ადევს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.