ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დავუდასტურო ქუთაისს. თავისუფლად შეიძლება ითქვას საქართველოს კულტურულ დედაქალაქს. იმერეთი გახლავთ განსაკუთრებული მხარდამჭერი იმ პოლიტიკის, რასაც ღირსეული, ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების პატივისცემა და მხოლოდ ამ გზით ევროინტეგრაცია ჰქვია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ქუთაისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოგესალმებით ჩემო იმერლებო უდიდესი სიყვარულით. უდიდესი სიყვარულით მივესალმები ქუთაისს, წყალტუბოს, სამტრედიას, ვანს, ხონს, ბაღდათს, ზესტაფონს, ხარაგაულს, საჩხერეს, ჭიათურას და არ გაგიკვირდებათ ალბათ ჩემგან, რომ ასევე უდიდესი სიყვარულით მივესალმები ჩემს მშობლიურ თერჯოლას და ჩემს ღვანკითს.
მივესალმები ყველაზე სტუმართმოყვარე, ამაყ, ლაღ, თავისუფალ ქართველებს. უდიდესი კულტურის და ტრადიციების მქონე მხარეს. ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დავუდასტურო ქუთაისს. თავისუფლად შეიძლება ითქვას საქართველოს კულტურულ დედაქალაქს. იმერეთი გახლავთ განსაკუთრებული მხარდამჭერი იმ პოლიტიკის, რასაც ღირსეული, ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების პატივისცემა და მხოლოდ ამ გზით ევროინტეგრაცია ჰქვია. ამავე დროს, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირველი არჩევნები, როცა ვამბობთ თამამად, მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ციფრებზე დაყრდნობით, ასევე შეგვიძლია იგივე დავპირდეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ სულ რამდენიმე წელიწადში და გადაჭარბების გარეშე ვამბობთ ამას, სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოს მოქალაქეები იცხოვრებენ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის, მოქალაქეებზე უკეთ, ვიდრე ისინი დღეს ცხოვრობენ. მინიმუმ, რამდენიმე ქვეყანაზე უკეთ. ალბათ, ეს რომ 10 წლის წინ, დამეთანხმებით, 10 წლის წინ ვინმეს გაეხმოვანებინა შეიძლება გიჟადაც შეგვერაცხა, მაგრამ დღეს ამას ჩვენ კი არ ვამბობთ მხოლოდ, ამას ამბობს მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ამ მიმართულებითაც ვიყოთ ამაყები“, - განაცხადა მდინარაძემ.