მან მაგალითი შექმნა, როგორ არ იყიდება ქვეყანა. პრეცედენტი დადო, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირასთან“ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას განაცხადა. მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს აკრიტიკებენ ადამიანები, რომლებიც თვეში 2 000 დოლარად იყიდებიან.
„იმ 2 მილიარდზე, რომლითაც აშანტაჟებდნენ [ბიძინა ივანიშვილს], ისე თავისუფლად ლაპარაკობენ ვიღაც-ვიღაცები, თითქოს არაფერია - ადამიანები, რომლებიც ყოველდღე თვეში 2 000 დოლარად იყიდებიან ხოლმე, ანტიეროვნულ განცხადებებს აკეთებენ. ასეთი ადამიანები აკრიტიკებენ და არაფრად მიაჩნიათ ის, რომ 2 მილიარდითაც კი ვერ დააშანტაჟეს ადამიანი. საერთოდ არ გაუფიქრებია ამ ადამიანს, რომ ამ 2 მილიარდთან დაკავშირებით არა საქართველოს საწინააღმდეგო, არამედ რაიმე ელემენტარულ დათმობაზე და კომპრომისზე წასულიყო. არის თუ არა ეს ისტორიული მაგალითი, თუ როგორ არ იყიდება ქვეყანა?“ - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბეჭდება შეკვეთილი სტატიები და ამერიკაში მოქმედი კანონის მიხედვით, რომელსაც საქართველოში „რუსულს“ ეძახიან, ნათელი გახდა, „რომ საქართველოდან, უცხოეთიდან, კონკრეტული შეკვეთები იყო, მილიონობით დოლარი იხარჯება, იმისთვის რომ ბიძინა ივანიშვილს დაარტყან“. მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილმა თავისი ქველმოქმედებით ქართული სულიერება გადაარჩინა.
„3 მილიარდ დოლარზე მეტი რომ აქვს დახარჯული დღეს, რაში დახარჯა ძირითადი ნაწილი ამ ქველმოქმედებისა? ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, კულტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეების დაფინანსებაზე. ყველაფერზე, რაც ქართულ იდენტობასთან, მის შენარჩუნებასთან ასოცირდებოდა. მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძოდა ყველაფერ ქართულს - იდენტობას, ამბიონებზე უვარდებოდნენ მღვდლებს, ეკლესიებში ვარდებოდნენ, მაშინ გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა სულიერება ქართული, „ნაცებისგან“ მაშინ იხსნა“, - აღნიშნა მდინარაძემ.