პრეზიდენტთან შეხვედრები ემსახურება, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად და წყნარად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში მისვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების მიმდინარეობისას დაპატიმრებულ პირთა გამოშვებაა.
„ქვეყანაში გვყავს ჩვენი ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი და ეს არის საქართველოს პრეზიდენტი. მოთხოვნა არის იგივე, ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა და სასწრაფოდ ყველა დაპატიმრებული პოლიტპატიმრის გამოშვება, ნაწამები ადამიანების გამოშვება. თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება და ის ფაქტი, რომ ჩვენი მომიტინგეები არიან ნაწამები, ეს უკვე საერთაშორისო დონეზე არის დამტკიცებული. სასწრაფოდ მოვუწოდებთ, ვისაც ეს ხელეწიფება, ამ არალეგიტიმურ მთავრობას, სასწრაფოდ გამოუშვან ჩვენი ახალგაზრდები გარეთ.
ეს არის კიდევე ერთი შეხვედრა, რათა ძალიან მშვიდად და წყნარად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში. მივაღწიოთ საზოგადოებასთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, რომელიც მხარს უჭერს ამ პროტესტს და არ აღიარებს საქართველოში ჩატარებულ მოპარულ არჩევნებს; იმ ხალხთან ერთად, ვინც დღეს აპროტესტებს ტყუილს ამ ქვეყანაში, რუსულ სპეცოპერაციას. სწორედ ეს შეხვედრები ემსახურება, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად და წყნარად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მართავენ.