"მინდა მივმართო დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში, თქვენ ხართ ქართველი ხალხის წარმომადგენლები მოკავშირე სახელმწიფოებში და არა ამ ხელისუფლების ან ბიძინა ივანიშვილის, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ ანადგურებს ივანიშვილი და ეს ხელისუფლება ათწლეულების მანძილზე ნაშენებ მეგობრობას და დაუცველს ტოვებს საქართველოს. - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე განცხადებაში წერს.
ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და "ოცნების" მიერ მეორე მოსმენით მიღებული "რუსული კანონი" პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას, ამის შესახებ თქვენ ყველაზე კარგად ხართ ინფორმირებულები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისაგან, როგორც პირველწყარო. ქვეყნის დასავლური კურსის ფორმირებაში და განმტკიცებაში დიპლომატიური კორპუსის უდიდესი წვლილია, ისევე როგორც თითოეული თქვენგანის, როგორც ამ პროცესის უშუალო მონაწილეების.
დღეს, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია საკითხზე, რომელსაც არა მარტო ქვეყნის დასავლური ვექტორის ცვლილება მოაქვს,
არამედ თქვენს მრავალწლიან შრომას პირდაპირ წყალში ყრის...
ამ დროს სიჩუმე დანაშაულია საკუთარი ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე!
პოზიცია რომ ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!!!
მამუკა ხაზარაძე: მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს - პოზიცია რომ ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!!! - ნათქვაია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში, რომელსაც "ლელოს" პრესსამსახური ავრცელს.
ცნობისთვის, წუხელ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს.
რამდენიმე საათის წინ, აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნიდან საქართველოს პირველი არხის შენობასთან გადმოინაცვლეს და პირდაპირი ეთერი მოითხოვეს, სადაც განაცხადეს - მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჩვენი თანამებრძოლები - ორ საათს ვაძლევთ ვაჟა სირაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გომელაურს და პირადად ბიძინა ივანიშვილს
ამ დროისთვის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ასევე, გადაკეტეს თამარ მეფის ხიდზე გადასასვლელ მონაკვეთზე და კოსტავას ქუჩიდან ჩამომავალ გზაზე საავტომობილო მოძრაობა.
გუშინ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან დაანონსებული აქცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დღევანდელ აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა სამშენებლო ღობეები მოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს
საქართველოს პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა: დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი ხდება, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე
ასევე, სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი - მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს
შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი
საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.
ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას
რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.