დღეს საკითხი დგას ასე: დასრულდეს თუ არა ომი, რეალურად, კითხვის ნიშანი აღარ ისმება, აქ უკვე საუბარი არის იმაზე, როგორ დასრულდეს ომი და როგორ უნდა მოხდეს იმ გზის ძიება, რომელიც მიიყვანს ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომს დასასრულამდე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„გამოჩნდა ერთი რამ, რაზეც ერთი პერიოდი, შეიძლება ითქვას, აკრძალულიც იყო საუბარი – დიალოგის საჭიროება, საჭიროება იმისა, რომ აუცილებელია მხარეებს შორის იყოს საუბარი, თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე, რომელიც შეეხება უკრაინას, რეალურად, დღეს უკრაინის წარმომადგენელი არ იჯდა; მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ფორმატში კონსულტაციები ხდება, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც და, შეიძლება, უკრაინის მხარესთანაც, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც საუბარი მიმდინარეობს უკრაინაში მიმდინარე ომზე და თავად უკრაინა არ არის წარმოდგენილი სრულად ამ მოლაპარაკებების პროცესში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ექნება თუ არა შედეგი დონალდ ტრამპის ძალისხმევას ომის დასრულებასთან დაკავშირებით, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა როგორი იქნებოდა, ამის წაკითხვა და გამოცნობა რთული არ იყო იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში გვესმოდა თავად პრეზიდენტ ტრამპისგან და მისი ადმინისტრაციისგან.

„რამდენად მოგებიანია უკრაინის პოზიციონირება, რამდენად მოგებული დარჩება ამ სიტუაციაში უკრაინა, ამას ალბათ დრო გვაჩვენებს, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი, ტრამპის მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შეთანხმების მიღწევა. ამ პროცესში რაც უფრო სწრაფად მოხდება უკრაინის ჩართვა, რა თქმა უნდა, ეს უკრაინის მხარისთვის არის მომგებიანი და რაც უფრო გაჭიანურდება მისი ყოფნა მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის მხარესთან, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ წაგებიანია უკრაინის მხარისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, რაც შეეხება ევროპის პოზიციონირებას, ჩვენ ვხედავთ, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები ევროპის ლიდერებს შორის, მაგრამ მოახერხებს თუ არა ევროპა, სათქმელი თქვას ამ პროცესში და იქნება თუ არა შესაძლებელი ევროპის ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, თუნდაც უკრაინის ომთან, ამ პროცესთან დაკავშირებით, აქ ძალიან დიდი კითხვის ნიშანია.

„ბოლო წლებში მიმდინარე პროცესებმა ძალიან ბევრი რამ გამოაჩინა ევროპაში, ევროპის გარშემო რამდენი კითხვის ნიშანი არსებობს ერთიანობასთან დაკავშირებით, რამდენად არის მყარი ევროპის საგარეო პოლიტიკა, რამდენად შეიძლება, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მოქმედებდნენ საერთო ინტერესებით საერთაშორისო სცენაზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა აჩენს კითხვის ნიშნებს, მაშინ როდესაც უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირში ერთიანი პოზიცია არსებობს, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საინტერესოა, რამდენად იყო და არის ეს ერთიანი ევროპული პოზიცია, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ვნახეთ, რამდენად იყო ეს თვითმყოფადი, ევროპიდან წამოსული პოზიცია და ხომ არ იყო ეს ერთიანი პოზიცია ნაკარნახევი აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაციის პოზიციებიდან.

„ესეც არის ვალიდური კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, რამდენად ასახავს ის პოზიციები, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ვნახეთ იმას, რომ ევროპა არის ერთიანი საგარეო პოლიტიკის ფლანგზე“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, სასურველია, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეძლონ ერთიანი ენით საუბარი, საერთო პოზიციებით პოზიციონირება და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ეს იყოს რეალისტური მიდგომებით ნაკარნახევი პოზიციები.

„ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ ძალიან ხშირად აცდენილია ხოლმე რეალურ სიტუაციას ის განცხადებები, რომელიც ხშირად გვესმის ევროპის დედაქალაქ ბრიუსელიდან. ძალიან ხშირად ის არ არის თანხვედრაში იმ რეალურ სურათთან, რასთანაც დღეს გვაქვს საქმე. ამ დროს, როდესაც დღეს უკვე თეთრ სახლში არის დონალდ ტრამპი, რომელიც რეალური პოლიტიკის რეალური განმახორციელებელია, ძალიან რთულია, ვარდისფერი სათვალე გაიკეთო და ისე უყურო მსოფლიოს, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლო, არ იმოქმედო სწორად და არ შეაფასო მიმდინარე მოვლენები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.