ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან მიმართებაში მოხდეს ობიექტური შეფასება და გადაწყვეტილების მიღებისას ორმაგი სტანდარტები ავიცილოთ თავიდან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილს უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა: „როგორც თქვენ აღნიშნეთ, 16 დეკემბერს ევროკავშირი საქართველოსთვის სანქციების დაწესებას განიხილავს, როგორ უპასუხებთ ამ საერთაშორისო ზეწოლას?“
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, ევროპელმა პარტნიორები უნდა შეეცადონ, რომ როდესაც საქმე ეხება საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს, მას ობიექტური სახე ჰქონდეს.
„ცოტას ვისაუბრებ იმ დისკუსიების შესახებ, რომელიც მომავალ კვირას ბრიუსელში საქართველოს შესახებ გაიმართება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საქმე ეხება ნებისმიერ ადგილას მიმდინარე მოვლენების შეფასებას, საქართველოსთან მიმართებაში მოხდეს ობიექტური შეფასება და გადაწყვეტილების მიღებისას ორმაგი სტანდარტები ავიცილოთ თავიდან. 2014 წლიდან საქართველომ დაამტკიცა, რომ ევროკავშირის ერთგული და სანდო პარტნიორია. 2014 წლიდან რაც ჩვენ გავაკეთეთ, აბსოლუტურად თვალსაჩინოა ქვეყნის ტრანსფორმაციის მხრივ; ტრანსფორმაციის, რომელიც ევროპულ სტანდარტებზეა დაფუძნებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, აშკარაა, რომ საქართველო ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს და ამას მოწმობს ევროკომისიის სხვადასხვა ანგარიშები.
„შეგიძლიათ, შეამოწმოთ სხვადასხვა რეიტინგი, სად დგას საქართველო. ეს ძალიან ბევრს აჩვენებს, თუ საქართველოს მიმართ გვაქვს ობიექტური ხედვა, თუ ობიექტურად შევაფასებთ, ნათელია, თუ სად არის საქართველო. ჩვენ უნდა ვეცადოთ და ევროპელი პარტნიორები უნდა ეცადონ, რომ როდესაც საქმე ეხება საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს, მას ობიექტური სახე ჰქონდეს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.