საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრს.
„ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობების დინამიკას და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითეხბს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველო-ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს როგორც ბიზნესწრეების დაახლოებას, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებას. ხაზი გაესვა ასევე პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობას.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს შანხაიში ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები.
საუბარი შეეხო ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.




